ახალი ამბები

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან” – მდინარაძე NGO-ებზე

12 სექტემბერი, 2022 • 1273
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან” – მდინარაძე NGO-ებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ მან დღეს, 12 სექტმებერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში არსებობს რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს.

“ეს ყველაფერი საით არის მიმართული, ნახეთ: როდესაც ნაცმოძრაობას და მათ ლობისტებს არ გამოუვიდათ 2020 წლის ფეიკი გაყალბების შესახებ და აღმოჩნდა, რომ გაყალბებული PVT იყო; როდესაც თავისი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს აკადრეს ის, რომ ქუჩაში გამოიყვანეს და ეს პროექტიც ჩავარდა; ბოლოს ამ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე უფრო მდიდარი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში და ეს პროექტი ჩავარდა“, – აცხადებს მდინარაძე.

როგორც მდინარაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ იცოდეს.

„ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რამდენიმე მილიონზე და ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება, საიდან ფინანსდებიან და ა.შ. იმიტომ, რომ  ამას გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოება მიხვდეს კიდევ უფრო დეტალურად და ზუსტად, რაში რა იხარჯება ეს და, სამწუხაროდ, როგორ არის ამ ფულის უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, ამის შესახებ, მგონია, საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს”, – ამბობს მდინარაძე.

მდინარაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კითხვა ტელეკომპანია იმედმა დაუსვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი