ახალი ამბები

ილია II საარჩევნო პიარტექნოლოგიებში

3 მაისი, 2010 • • 1388
ილია II საარჩევნო პიარტექნოლოგიებში

სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ეკლესია საქართველოში კვლავ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, ასევე, 2010 წლის არჩევნებისთვის  ზოგიერთი პარტიის და კანდიდატის  სარეკლამო რგოლებში, კვლავ  ჩნდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და რელიგია.

2010 წელს IRI–ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, საზოგადოების 90% ეკლესიას ენდობა.  2009 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვითაც, რომელიც აწარმოა ორგანიზაციამ „ბარომეტრი 2009“,  ხალხი ყველაზე მეტად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ენდობა.  ეს კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა და ამავე ორგანიზაციის 2008 წლის კვლევის მიხედვით, კათალიკოს პატრიარქი ილია II პოპულარულ ადამიანთა რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.

პირველი, ვინც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებულ სარეკლამო რგოლში ილია II-ის ფრაზა გამოიყენა, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგურია.

„ციხე დაანგრიეთ და ეკლესია ააშენეთ“– ეს ის სიტყვებია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ზვიად ძიძიგურს დაახლოებით 1 წლის წინ უთხრა. მაშინ ზვიად ძიძიგურმა   ეკლესია ააშენა იმ ადგილზე, სადაც ადრე ავჭალის ციხე იყო. ციხე, სადაც წლების წინათ სასაჯელს იხდიდა.

კონსერვატული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, ქეთი ჯოხაძე ამბობს, რომ ძიძიგურმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავად ააშენა და შარშან ზაფხულში ეკლესიამ ფუნქციონირებაც დაიწყო. 

თუმცა ეს ისტორია ვიდეოკლიპში არ არის ნაამბობი. ილია მეორის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვების შემდეგ კი  ზვიად ძიძიგური ამომრჩეველს “ბრძოლას დღესვე“ სთავაზობს.

ჯოხაძე ამბობს, რომ კადრები, რომლებიც ვიდეოკლიპშია გამოყენებული, საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ არის გადაღებული.

ზვიად ძიძიგურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სარეკლამო რგოლში პატრიარქის გამოჩენა  საქართველოს საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებია:

„პატრიარქი იმ ეკლესიის კურთხევაზე იყო, რომელიც ციხეში ავაშენე. ეს არის ფაქტი, რომელიც ტელევიზიებთან ერთად დაფიქსირდა.“

მედია–კომუნიკაციების ექსპერტი, თორნიკე გურული ფიქრობს, რომ რელიგია PR-ში ერთ–ერთი ფაქიზი თემაა და მოსი გამოყენება სარისკოც კი არის.

ქეთი ჯოხაძე ამბობს, რომ იმ მესიჯების თაობაზე, რომლებიც სარეკლამო რგოლის სახით საზოგადოებას მიეწოდება, ”ეროვნულ საბჭოს” არ მიუმართავს სპეციალისტებისთვის. „პირადი რესურსებით შეიქმნა ეს მესიჯები“–ამბობს კონსერვატული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი.

თორნიკე გურულის თქმით,  პოლიტიკური პარტიების სარეკლამო რგოლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოჩენა მისი რეიტინგით არის განპირობებული.

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული პიროვნებაა, და ამით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სურთ, რომ გაიგივებულები იყვნენ პოზიტიურ პიროვნებასთან“.

თუმცა,  გურულის თქმით, სარეკლამო რგოლებში რელიგიის გამოყენება გარკვეული რისკიცაა, რადგან საზოგადოების ნაწილს ეს აღიზიანებს:

„საზოგადოების ერთ ნაწილში ძალიან დიდ პოზიტივს იწვევს, მაგრამ მეორე ნაწილის აზრით, კონკრეტული პოლიტიკოსის სიყალბეს უსვამს ხაზს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამიტომ აღიზიანებს.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიები თუ კონკრეტული კანდიდატები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრებს სარეკლამო რგოლებში ათავსებენ.

მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატ თამაზ კვაჭანტირაძის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში, კანდიდატი პატრიარქს მიმართავს: თქვენ მხოლოდ ილია მეორე კი არა, მეორე ილია ბრძანდებით“.

დღესაც ამავე პარტიის საიტის მთავარ გვერდზე, დედაეკლესია– ამ სათაურის მქონე ცალკე გვერდია, სადაც პატრიარქის სურათია გამოტანილი. გვერდი კი მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის და ილია მეორის ბიოგრაფიის შესახებ წერს.

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ მიტინგში, რომელიც 2009 წლის 26 მაისს გაიმართა თბილისის ბორის პაიჭაძის სტადიოზე, საპატრიარქოსთან მსვლელობით დასრულდა. მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) შეკრებილებს მოუწოდა, რომ სამების ტაძრისკენ წასულიყვნენ და პატრიარქისგან რჩევა მიეღოთ. სამების ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი მშვიდობიანად დაიშალა.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ კონტექსტში საპატრიარქოს და რელიგიის მიმართ გაცხადებულ პოზიტიურ დამოკიდებულებას თავისი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოში საპატრიარქო არის ლეგიტიმატორი და არა არჩევნები“ – ამბობს  ბექა მინდიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი