უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ კიევი რუსეთისგან მიყენებული ზიანის სანაცვლოდ რეპარაციებში, სულ მცირე, 300 მლრდ აშშ დოლარს მოითხოვს.
მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი გაცილებით მეტია, – UKInform-ის თანახმად, მხოლოდ ინფრასტრუქტურისთვის ომის მიმდინარეობისას მიყენებული ზარალი 114 მლრდ აშშ დოლარია.
თუმცა მინისტრ მალიუსკას დასახელებული თანხა შეესაბამება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კუთვნილ აქტივებს, რომლებიც დიდი შვიდეულის ქვეყნებშია „გაყინული“. უკრაინა სწორედ ამ აქტივებით სარგებლობას მოითხოვს.
„გვსურს, ანაზღაურდეს ყველა ის ზარალი, რომელიც რუსეთმა მიაყენა უკრაინას თავისი აგრესიული ომით“, – განაცხადა მალიუსკამ.