ახალი ამბები

რა ვიცით ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

8 სექტემბერი, 2022 • 1063
რა ვიცით ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დედოფლის ოჯახის უახლოესი წევრები შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის ციხესიმაგრისკენ მიემართებიან, სადაც მონარქი ამჟამად იმყოფება, ბრიტანულ მედიაში კი, ბუკინგემის სასახლის განცხადების საფუძველზე წერენ, რომ “რაღაც მნიშვნელოვანი” ხდება.

ხსენებული განცხადების მიხედვით, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მას შემდეგ, რაც დილით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს.  ბუკინგემის სასახლე დასძენს, რომ 96 წლის მონარქი “კომფორტულადაა”, თუმცა, როგორც BBC-ის სამეფო კორესპონდენტი ნიკოლას უითჩელი წერს:

“…ის, რომ ბუკინგემის სასახლემ განცხადების გავრცელების აუცილებლობა იგრძნო, ოჯახის წევრები კი იქით [ბალმორალის ციხესიმაგრისკენ] მიემართებიან, ყველაფერზე მეტყველებს”.

მისივე სიტყვებით, “ბოლო თვეების განმავლობაში დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა” და აშკარაა, რომ “ბოლო 24-დან 48 საათამდე ექიმები უფრო მეტად შეშფოთდნენ”.

BBC-ის მიხედვით, პრინცი ჩარლზი, მისი მეუღლე კამილა და პრინცესა ანა უკვე ბალმორალის სასახლეში არიან, პრინცი უილიამი კი — გზაშია. შოტლანდიისკენ ასევე მიემართებიან პრინცი უილიამი და მისი მეუღლე მეგანი.

დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარი თემაა ბრიტანულ მედიაში.

გაზეთი The Guardian ხაზს უსვამს, რომ BBC-ის წამყვანს, ჰიუ ედვარდსს აცვია მუქი პიჯაკი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი, ეს კი შესაბამისობაშია ტელეკომპანიის ჩაცმულობის წესებთან, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები, ასევე, სასულიერო ლიდერები აღნიშნავენ, რომ ფიქრობენ და ლოცულობენ დედოფლის მდგომარეობაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის სიტყვებით, მისი ფიქრები მონარქთან და მის ოჯახთანაა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთელი ქვეყანა “ღრმად შეშფოთებული იქნება ახალი ამბებით” სასახლიდან.

“როგორც პრემიერმა თქვა, მთელი ქვეყანა იქნება ღრმად შეშფოთებული და ვფიქრობ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზები არსებობს”, – აღნიშნავს ნიკოლას უოთჩელი.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებს ტახტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი