ახალი ამბები

ევროპარლამენტარები: სააკაშვილის და გვარამიას სანახავად არ შეგვიშვეს

5 სექტემბერი, 2022 • 858
ევროპარლამენტარები: სააკაშვილის და გვარამიას სანახავად არ შეგვიშვეს

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი ეთქვა.

„[პენიტენციურისგან] მივიღეთ ძალიან მოკლე და ფორმალური პასუხი. ჩვენ უარი გვეთქვა“, — განუცხადა კრამონმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს მეორე წერილითაც მიმართა და იმედოვნებს, რომ გვარამიასთან შეხვედრის ნებართვას მიიღებს.

„საკუთარ თავს სარგებელს არ მოუტანენ, თუ უარს იტყვიან, მაგრამ ეს მათზეა [ხელისუფლებაზე] დამოკიდებული“, — თქვა კრამონმა.

ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია გვარამიასადმი სოლიდარობის ჩვენება.

„ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი საქმე. ის დაპატიმრებულ იქნა უკანონოდ და ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებულობა უნდა გავზარდოთ აქ, საქართველოში და ასევე, საერთაშორისოდ. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რის გამოც ჩვენ ვითხოვთ მედიის თავისუფლების გარანტირებას, რაც უფრო რთულდება. ჟურნალისტები (არა მხოლოდ გვარამია) საფრთხეში არიან“, — თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარის შესახებ იტყობინება პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფიდან ანა ფოტიგა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კვლავ უარი მითხრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე, რომელიც წელიწადზე მეტია, დაკავებულია. მე მის მეგობარ გიორგი ჩალაძეს და დედას, გიული ალასანიას, რათა პირველწყაროდან მიმეღო ინფორმაცია. აღფრთოვანელი ვარ მათი გამბედაობითა და გადაწყვეტილებებით“, — დაწერა ფოტიგამ Twitter-ზე.

ევროპარლამენტარები საქართველოში თბილისის მეექსვე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი