ახალი ამბები

ქართველებო, თუ თქვენით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით — არახამია

7 სექტემბერი, 2022 • 892
ქართველებო, თუ თქვენით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით — არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით არახამია, რომელიც ასევე წარმოადგენს უკრაინულ მხარეს რუსეთთან შეხვედრების ფორმატში, აცხადებს, რომ თუ ქართველებს თავად არ შეუძლიათ დეოლიგარქიზაცია, ამაში მათ უკრაინა დაეხმარება.

არახამიამ ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვიდეო დღეს, 7 სექტემბერს, „მთავარმა არხმა“ გავრცელდა.

„ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „war in Ukraine” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.

ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, – აცხადებს არახამია ვიდეოში, რომელიც მთავარმა არხმა გაავრცელა.*

მთავარი არხის თარგმანი*


უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასვხა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.მათ შორის არიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი