აფხაზეთში პარტია “ამცახარა” ბიჭვინთის ტერიტორიების გასხვისების საკითხზე ადგილობრივ აფხაზურ ოპოზიციას ადანაშაულებს მიმდინარე პროცესების გამწვავებაში და პროვოკაციული ფორმით მასალების გავრცელებაში, რითაც საზოგადობაში მღელვარებას იწვევს. ამასთან, პარტია აფხაზეთის ომის ვეტერანებს თავის შეკავებას მოუწოდებს.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე აფხაზური საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოთქვამს.

“ბოლო დროს ოპოზიციურად განწყობილ ძალებს ავიწყდება, ვინ არის ჩვენი მოკავშირე და ვინ მტერი. ასევე მოვუწდებთ ვეტერანთა ორგანიზაციებისა და კავშირთა წარმომადგენლებს, აფხაზეთის გმირის ვიანორ აშბას სახით, რომელმაც რუსეთის ელჩის, შურგალინის და პრეზიდენტ ბჟანიას მისამართით შეურაცხმყოფელ მიმართვას ხელი მოაწერა, პოლიტიკური სიბრძნე გამოიჩინონ. მსგავსი გამონათქვამებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე აისახოს”.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.