ახალი ამბები

2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ტურისტული ვიზიტები წელს 77.4%-ით აღდგა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

7 სექტემბერი, 2022 • 1034
2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ტურისტული ვიზიტები წელს 77.4%-ით აღდგა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 77.4%-ით აღდგა, მოგზაურთა ვიზიტები კი 67.1 %-ით.

ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135.8%-იანი მატებაა.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით 195.5%-ით გაიზარდა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ბოლო 8 თვეში კი ქვეყანაში 2,251,978 ტურისტი შემოვიდა. აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული ტურისტული ვიზიტების 65.3%-ს შეადგენს, ხოლო გასულ წელთან შედარებით 155%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3,256,370 მოგზაური შემოვიდა. ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი მოგზაურთა რაოდენობა 208.9%-ითაა გაზრდილი.

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი