ახალი ამბები

ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ — მთავარეპისკოპოსი ზენონი სუს-ის ფაილებზე

7 სექტემბერი, 2022 • 1798
ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ — მთავარეპისკოპოსი ზენონი სუს-ის ფაილებზე

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ ე.წ. სუს-ის ფაილების გამოძიების ფარგლებში მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად.

მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, სანამ საქმის გამოძიება არ დასრულდება და „დამნაშავე არ დაისჯება“, ის უარს აცხადებს ქვეყანაში ჩამოსვლაზე.

ამჟამად მთავარეპისკოპოსი ლონდონში მოღვაწეობს, სადაც სხვა სასულიერო პირების მსგავსად ატარებს წირვებსაც. პროკურატურასთან კომუნიკაციის შესახებ მან 4 სექტემბრის წირვაზე განაცხადა, რომელიც პირდაპირი ეთერით მის ფეისბუკ გვერდზე გადაიცემოდა.

ამ წირვაზე მან ასევე სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. საუბრობდა, რომ მათ არაერთი დისციპლინური დარღვევა ჩაიდინეს და მისი ნდობა უგულვებელყვეს, რაც მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო.

„განა მაკლია მე ისრები, რაც ხელისუფლებამ იკადრა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ?! დიახ, მე პროკურატურაში შევიტანე სარჩელი. ერთი წელია ვითმენ, არ მითქვამს ეს ხმამაღლა.

პროკურატურაში საქართველოს.. გენერალურ პროკურორსაც გავუგზავნე წერილები, სამი წერილი გავაგზავნე. ვითხოვ, ვინ ჩაიდანა ტერორისტული აქტის ტოლფასი დანაშაული, სისტემური დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით. ვითხოვ ამის გამოძიებას, დასჯას,“ – აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

ის ასევე ითხოვს იმ ადამიანების დასჯასაც – „ვინც კანონით აკრძალული მიმართულებებით იმოქმედა შემდეგ. მათ შორის, სასულიერო პირების. ვინც უნდა იყოს, რა რანგისაც უნდა იყოს – ჩემგან არ იქნება შეწყალებული,“.

„ყველა ჩემს შესაძლებლობა სამართლებრივად, ბერკეტებით გამოვიყენებ, იმისთვის, რომ ყველამ აგოს პასუხი, ვინც ადამიანის ღირსების, მის ცხოვრებას აბუჩად იგდებს და მის სულსა და ცხოვრებას სამუდამო დაღს დაასვამს, მან პასუხი უნდა აგოს,“ — ამატებს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

რაც შეეხება პროკურატურას, ის ამბობს, რომ მომხდარიდან ერთი წლის თავზე კვლავ აპირებს განცხადებით მიმართოს უწყებას, ასევე აცხადებს, რომ მას ერთხელ პროკურორი გამოძიების თაობაზე უკვე დაუკავშირდა.

„დამიკავშირდა და მითხრა, რომ თქვენ უნდა დაგკითხოთ, რომ თქვენ სავარაუდოდ, დაზარალებულად უნდა იყოთ ცნობილი. და რომ ჩამობრძანდეთ. მე ვუთხარი, ახლა ვერ შევძლებ ჩამოსვლას, რაღაც დროის შემდეგ შევძლებთ ჩამოსვლას და არის პრინციპული საკითხიც, ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ. თუ ვინმეს ღირსება არ აქვს, ჩემს კოლეგას, ეს მისი პრობლემაა. მე მაქვს ღირსება, ჩემს სულში ვერავინ აფათურებს ხელებს,“ — ამბობს ის.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა ასევე საქართველოს პროკურატურას.


მთავარეპისკოპოსი ზენონი საუბრობს 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, „კრებსებზე“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილს.

ამ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.

სუს-ის ფაილები მიხედვით, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, უთვალთვალებდნენ მთავარეპისკოპოს ზენონასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი