ახალი ამბები

ჩხარტიშვილის თქმით, იჩივლებს სიაში მოხვედრის გამო, სადაც მის სანქცირებას ითხოვენ

6 სექტემბერი, 2022 • 1139
ჩხარტიშვილის თქმით, იჩივლებს სიაში მოხვედრის გამო, სადაც მის სანქცირებას ითხოვენ

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქართველი ბიზნესმენების სიაში მოხვდა, ვის დასანქცირებასაც ითხოვენ, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ადგილი აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ელენე ხოშტარიას მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანის მცდელობას.

ჩხარტიშვილის წერილის მიხედვით, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს, სია „მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი ფეიკია, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს“:

„გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი ფეიკი, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს, იქნება ეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით, რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, ან „პეტროკასთან“,  „გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი“ – ამბობს ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილის თქმით, მის მიერ დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც „სმარტ კაპიტალის“ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები.

ბიზნესმენის თქმით, მისი კომპანიები გამიზნულად არ მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო მათ საქმიანობას, ყოველწლიურად, აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ აუდიტორი კომპანიების დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან მის კომპანიებს არ აქვს:

„ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების ფეიკებს, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა.

სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი. მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაცია, ჩემთვის, საფინანსო ინსტიტუტებთან, თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში, შეიძლება, აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში.

გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემ მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს,” – ნათქვამია ჩხარტიშვილის წერილში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასვხა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.

მათ შორის არიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი