ახალი ამბები

ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა – ზარქუა

6 სექტემბერი, 2022 • 1354
ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი „შემდგარი მასხარაა“, რომელმაც სახელი ოპონენტების მიმართ ცრუ ბრალდებებით გაითქვა.

ამის შესახებ ზარქუამ დღეს, 6 სექტმბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა.

ზარქუას ამ განცხადებას წინ უძღოდა ხაბეიშვილის გამოსვლა, სადაც მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეუმდგარი ადამიანი უწოდა.

„ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს ე.ი. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ [თბილისის] საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეგ რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმა 2016 წელსო.

აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 70-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ამ ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს.

ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო… აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. ვინ თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუა და ხაბეიშვილი პარლამენტამტში მოხვედრამდე თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. ამ ორ დეპუტატს, რომლებიც მოწინააღმდეგე პარტიებში ირიცხებიან, ურთიერთდაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ხაბეიშვილს ზარქუას ცემის ბრალდება აქვს წარდგენილი, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი