ახალი ამბები

„გრაფიკის გადაწყობა გართულდა“ – სერგეენკო საერთაშორისო კონფერენციაში პაპუაშვილის არდასწრებაზე

6 სექტემბერი, 2022 • 681
„გრაფიკის გადაწყობა გართულდა“ – სერგეენკო საერთაშორისო კონფერენციაში პაპუაშვილის არდასწრებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას – „დიდება უკრაინას!“ – „გრაფიკის“ გამო ვერ დაესწრო. ამის შესახებ მან დღეს, 6 სექტემბერს, განაცხადა.

თუმცა თავად შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კონფერენეციაში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა, რადგან „რადიკალიზაციას ვერ წაახალისებდა“. მისი თქმით, კონფერენციაში ის პოლიტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ.

საუბარია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც ევროპარლამენტარები, ყოფილი ელჩები და მსოფლიოს წამყვანი დასავლელი ანალიტიკოსები მონაწილეობენ.

„რაც შეეხება ამ კონფერენციას, მე არ ვიცი, შინაარსობრივად რადიკალურია თუ არ არის რადიკალური… უკრაინის მხარდაჭერა კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დაუსწრებლობის მიზეზი, რამდენადაც ვიცი, ეს არის მოკლე შეტყობინებაა, ანუ რამდენიმე საათით ადრე მიიღო მოწვევა და გრაფიკის გადაწყობა გართულდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.


თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია 2022 – „დიდება უკრაინას!“ კონფერენციაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

2022 წლის 5-6 სექტემბერს, 09.30 საათზე, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა.

ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა კონფერენციას ახალი იმპულსი შესძინა – კოვიდ-პანდემიის 2 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2022 წელს კონფერენციის თემაა „დიდება უკრაინას!“.

კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.