ახალი ამბები

„რადიკალიზაციას ვერ წავახალისებ“ – პაპუაშვილი არ დაესწრება თბილისში საერთაშორისო კონფერენციას

5 სექტემბერი, 2022 • 792
„რადიკალიზაციას ვერ წავახალისებ“ – პაპუაშვილი არ  დაესწრება თბილისში საერთაშორისო კონფერენციას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში – „დიდება უკრაინას!“ – მონაწილობაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ყოფილი ელჩები და მსოფლიოს წამყვანი დასავლელი ანალიტიკოსები.

პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაში ის პოლიტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს და თავად ამ რადიკალიზაციას ვერ წაახალისებს.

„რაც შეეხება ამ კონფერეციას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით ბევრი ასეთი განხილვა რომ იყოს. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი — ჩვენ ვნახეთ დღეს, მათ შორის, კონფერენციის დაწყესებისას გაკეთდა კომენტარები, ასევე, ამ კონფერენციის მსვლელობისას, მაგალითად, „ევროპული საქართველოდან“ განცხადება, რომელიც რეჟიმის ცვლილებასა და პარლამენტის დელეგიმიტაციისკენაა მიმართული.

სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის, პანელებზე, წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს. მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის და რა თქმა უნდა, მე პირადად ვერანაირად ვერ წავახალისებ ამ რადიკალიზაციას და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წრამოდგენილნი არიან რადიკალური ჯგუფები.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დეპოლარიზაცია, მნიშვნელოვანია არ მოხდეს რადიკალიზაციის ნორმალიზება, ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რადიკალური დღის წესრიგი არის რაღაცნაირად ლეგიტიმური“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია 2022 – „დიდება უკრაინას!“ კონფერენციაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

2022 წლის 5-6 სექტემბერს, 09.30 საათზე, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა.

ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა კონფერენციას ახალი იმპულსი შესძინა – კოვიდ-პანდემიის 2 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2022 წელს კონფერენციის თემაა „დიდება უკრაინას!“.

კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი