ახალი ამბები

ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს

6 სექტემბერი, 2022 • 1007
ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

რუსეთისათვის ხსენებული სტატუსის მინიჭებისაკენ მოწოდებას უკრაინა ახმიანებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო მის წინააღმდეგ.

ჟურნალისტების კითხვას, უნდა გამოცხადდეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ბაიდენმა უპასუხა: “არა”.

მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცემა Politico იუწყებოდა, რომ აშშ-ის კონგრესს, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორად ეღიარებინა რუსეთი, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებული იყო.

გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონი შიშობდა, რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში რუსეთის შეყვანა საფრთხის ქვეშ დააყენებდა უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას და გლობალურ სასურსათო ბაზარს.

ამასთან, ერთ-ერთი არგუმენტი იყო სანქციებიც, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს – გადაწყვეტილება გავლენას იქონიებდა კერძო სექტორზე და იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რასაც ახლანდელი სანქციების მიუხედავად, აშშ რუსეთთან ინარჩუნებს.

უკრაინის რადამ აშშ-ის კონგრესს 3 მაისს მიმართა და რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა სთხოვა. ამგვარ მოწოდებებს მუდმივად აკეთებენ უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

21 ივლისს კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ თუკი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად სახელმწიფო დეპარტამენტი არ აღიარებს, ამას კონგრესი გააკეთებს.

27 ივლისს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება შეუძლია, თუკი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფო ტერორისტულ აქტებს უჭერს მხარს.

სანქციები, რომლებიც ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოქმედდება, გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს აშშ-ის დახმარებაზე, თავდაცვითი თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტსა და გაყიდვაზე და სხვ.

ამჟამად ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი აქვს ოთხ ქვეყანას: სირიას, ირანს, კუბასა და ჩრდილოეთ კორეას.

მასალების გადაბეჭდვის წესი