ახალი ამბები

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა სრულიად არარელევანტურია – კობახიძე

5 სექტემბერი, 2022 • 718
რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა სრულიად არარელევანტურია – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას “არარელევანტურს” უწოდებს. ის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ის საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვს.

ამის შესახებ მან დღეს, 5 სექტემბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ასევე წარუმატებლობისთვისაა განწირული ოპოზიციის მიერ დაანონსებული ნებისმიერი აქციაც:

“ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ.

რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და აბსოლუტურად წარუმატებლობისთვისაა განწირული მათ მიერ დაანონსებული ნებისმიერი აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები გამოყენებული იყო ასეთი სიტყვები, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ერთადერთი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, შიგნით აქვთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს აღარ არის დაძლევადი”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ამავე თემაზე ნახეთ: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი