ახალი ამბები

საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

5 სექტემბერი, 2022 • 927
საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ამის შესახებ მან დღეს, 5 სექტმებერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველოსთვის ახლა გადამწვეტი ნაბიჯია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაა,  „ქართული ოცნება“ ქვეყანას  უკან, იმპერიული რუსეთისკენ  მიათრევს და ამიტომ, ასეთი მთავრობა მალე უნდა შეიცვალოს.

„ოლიგარქის რუსული ოცნება კი ყველაფერს აკეთებს საპირსიპიროდ, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე.

დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა. სწორედ ამიტომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, მათი ყველა ძალისხმევა, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად. მელია სტრატეგიული გეგმაც დაასახელა:

მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

  1. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან – ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან – სკვერებსა და ქუჩებში – ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე.
  2. უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია – აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია.

მელიას თქმით, ისეთი განწყობა, როგორიც ქვეყანაში დღესაა, არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. მისი თქმით, ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა აიძულონ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

„განსხვავებით წინა წლებისაგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. 70%ზე მეტი მოქალაქეებისა ფიქრობს ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, – აცხადებს მელია.

მელიას თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც და მისი მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა 1/3 -ით.

„მან საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ესეც კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად! მათაც, ვინც 2021 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას მისცა ხმა, ევროპული მომავალი უნდათ, არადა დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ოლიგარქი დასავლურ პოლიტიკას ატარებს. ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური გზავნილებით, რაც დღეს კარდინალურადაა შეცვლილი, დეკლარირებულადაც კი, ხელისუფლების ნება მიუღებელია მისივე ამომრჩევლის უმრავლესობისთვის, რაც საკმარისი საფუძველია ახალი არჩევნების დასანიშნად“, – აცხადებს მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი