ახალი ამბები

აბსურდული თემაა – კობახიძე უკრაინულ საიტზე, სადაც ივანიშვილის და სხვების დასანქცირებას ითხოვენ

5 სექტემბერი, 2022 • 1014
აბსურდული თემაა – კობახიძე უკრაინულ საიტზე, სადაც ივანიშვილის და სხვების დასანქცირებას ითხოვენ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიას, სადაც სხვადასხვა პირის, მათ შორის ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითხოვენ, “აბსურდული თემა” უწოდა. ამის შესახებ მან დღეს, 5 სექტემბერს ისაუბრა.

აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

კობახიძის თქმით, ამ სიის გამოქვეყნებაში “ახალი აბსოლუტურად არაფერია”, რადგან უკრაინის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ ადრეც საუბრობდა.

“ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არარელევანტურია… ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კონკრეტული განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად აქ ახალი აბსოლუტურად არაფერია. ერთ-ერთი ლიდერი, არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე არაფერია ამაში, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ საიდან რა როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი და ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა დამატებითი კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ აბსურდია თავისი შინაარსით”, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნული ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი