ახალი ამბები

“ხუთნი დაგვესხნენ თავს, მუშტები ვურტყით ერთმანეთს” — ქორქმაზის პირველი კომენტარი

5 სექტემბერი, 2022 • 1493
“ხუთნი დაგვესხნენ თავს, მუშტები ვურტყით ერთმანეთს” — ქორქმაზის პირველი კომენტარი

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების წევრის, ფურქან ქორქმაზის განცხადებით, მას და მის თანაგუნდელებს თბილისში გამართული თამაშის შემდეგ “5 ადამიანი დაესხა თავს”. კალათბურთელის კომენტარს პორტალი eurohoops.net ავრცელებს.

გასახდელთან მომხდარი სავარაუდო ინციდენტის შესახებ მედიასთან ასევე ისაუბრეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა და მწვრთნელის ასისტენტმა ჰაქან დემირმა.

ქორქმაზმა ინციდენტში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის, დუდა სანაძისა და “თბილისი არენას” დაცვის თანამშრომლების ჩართულობაზე ისაუბრა.

“უმიზეზოდ მაყენებდა შეურაცხყოფას. ნებას არ მივცემ ვინმეს, სახეში შეურაცხყოფა მომაყენოს. თამაშის ნაწილია, რომ ის რაღაცას იტყვის და უპასუხებ. ჩემი რეაქცია ადამიანური და კაცური იყო”, — ციტირებს თურქ კალათბურთელს eurohoops.net.

ქორქმაზი ასევე დასძენს:

“გასახდელისკენ რომ მივდიოდი, უსაფრთხოების არანაირი ზომები არ იყო [დაცული]… როდესაც იქით მივდიოდით, მათგან[საქართველოს ნაკრებიდან] სამი მოთამაშე, მათ შორის სანაძე, ასევე დაცვის ორი ბიჭი, გამოგვეკიდნენ.

“ერთმანეთისთვის მუშტების რტყმა დავიწყეთ. ძირითადად, ეს იყო ქუჩის ჩხუბი. ხუთი ადამიანი დაგვესხა თავს, ჩვენ თავი დავიცავით”.

“დაცვის ბიჭების განზრახვა არ ყოფილა კარგი. მათ არ უცდიათ მოვლენებში ჩარევა”.

მანამდე, თურქეთის კალათბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ომერ ონანი ამბობდა, რომ მატჩის ბოლოს თურქეთის წარმომადგენლები “30-მა პოლიციელმა” ჩაითრია ჩხუბში.

“მაშინ, როდესაც ფურკან კორკმაზი გასახდელთან მისასვლელ კორიდორში იმყოფებოდა ჩვენს მწვრთნელთან ერთად, ქართველი მოთამაშეები, რომლებიც არ იყვნენ შემადგენლობაში, თამაშიდან გაძევებულ მოთამაშესთან [იგულისხმება დუდა სანაძე] და პოლიციასთან ერთად თავს დაესხნენ მას”, — აღნიშნავდა ის.

FIBA Europe-მა ტელეკომპანია CNN-ს დაადასტურა რომ ისინი იძიებენ ინციდენტს, თუმცა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, სანამ “ყველა ფაქტი არ დადგინდება”.

თურქეთის ნაკრების წევრ ქორქმაზსა და დუდა სანაძეს შორის ინციდენტი მატჩის მიმდინარეობის დროსაც მოხდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სანაძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქორქმაზი დააჯარიმეს, ამ უკანასკნელმა მის მიმართ აგრესია გამოხატა.

“მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელი რომ ვიყო, იმ მომენტში გამიკვირდა და უცბად, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეუბნებოდა, რომ გავსულიყავით გასახდელში. ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ წუთას ემოციური დაძაბულობა მაღალი იყო”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი