ახალი ამბები

იმ პირთა 72%, რომლებმაც 2018-2022-ში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის მოქალაქე იყო — IDFI

2 სექტემბერი, 2022 • 1512
იმ პირთა 72%, რომლებმაც 2018-2022-ში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის მოქალაქე იყო — IDFI

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 13 644 პირს მიენიჭა, მათი 72% კი რუსეთის მოქალაქე იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI) 1 სექტემბერს გაავრცელა.

დროის ამავე მონაკვეთში, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13 575 პირს, საიდანაც 5 111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით. აქედან ჩვეულებრივი წესით — 38 პირს, გამარტივებული წესით — 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით — 15 პირს.

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% (6 075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი — სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 — ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.

„სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტო არ გასცემს ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდის მასშტაბის სრულფასოვანი შეფასებისთვის“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორია საკანონმდებლო ჩართო

IDFI განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით. კანონის მიხედვით, არსებობს ხუთი წესი, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა:

ჩვეულებრივი წესი

პირსსა ქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოს ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

გამარტივებული წესი

საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირი, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში. დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

საგამონაკლისო წესი

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები.

მათ შორის: საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

აღდგენის წესი

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოპოვებასთან დაკავშირებით.

სპეციალური წესი

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2022 წლის 5 აგვისტოს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკური (ნატურალიზაციის სახეების და განმცხადებელთა მოქალაქეობის მიხედვით) ინფორმაციის მოთხოვნით თუმცა, IDFI-ს თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

შესაბამისად, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი სრულად ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას.

მოქალაქეობის მინიჭების საკითხის ანალიზი

IDFI აღნიშნავს, რომ 2018-2022 წლებში საქართველო მოქალაქეობა ყველაზე მეტ პირს მიენიჭა 2018 წელს – 3,858 პირი. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით განახევრდა (1,839 პირი), რაც ორგანიზაციის თქმით, სავარაუდოდ დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიით შექმნილ გარემოებებთან. 2021 წელს კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი 2,846-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს 1,598 პირს:

„2019 წლამდე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უმეტესწილად საგამონაკლისო წესით ხორციელდებოდა, ხოლო 2019 წლიდან მნიშვნელოვნად იმატებს მოქალაქეობის აღდგენის მაჩვენებელი. აღნიშნულ ტენდენცია განპირობებულია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა ის ჩანაწერი რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას.

შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ხოლო შემდგომში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება უმეტესწილად შესაძლებელი იყო საგამონაკლისო წესით. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომლის მიხედვით საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სააგენტოსთვის, მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნული უფლება შემდგომში 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა“ – ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.

IDFI-ის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას იძევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) ჩაიშალოს პირთა მოქალაქეობისა და წლების მიხედვით.

ორგანიზაციის თქმით, 2018 წლის მონაცემები მიღებულია განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, შესაბამისად, მისი შედარება შემდგომ წლებთან სრულფასოვან ტენდენციას ვერ ასახავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის მნიშვნელოვნად ჭარბობს რუსეთის მოქალაქეები კერძოდ,. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) მიენიჭა 1,219 რუსეთის მოქალაქეს. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1,342 მდე გაიზარდა. IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, ამასთან, 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით. საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 723 მოქალაქეს.

„2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე საინტერესოა 2022 წლის მაჩვენებლების ანალიზი თვეების მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა გაიცა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე.

მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვნებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

IDFI-ს თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს. ორგანიზაციის თქმით, რუსეთის მოქალეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით.

IDFI-ს თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მათთვის მინიჭებული საქართველო მოქალაქეობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით შეუძლებელია:

„ამ კუთხით სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი მონაცემების კომპლექსური ხელმისაწვდომობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ცალკეული პირობების დაკმაყოფილების მცდელობასთან. მაგალითად, საქართველოში ცხოვრებაზე გაცემული ბინადრობის ნებართვები, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების სტატისტიკა და სხვა. სამწუხაროდ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მსგავსი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წინააღმდეგ მიმართავს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი