ახალი ამბები

დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომელიც პროკურორის 3/5-ით არჩევას გულისხმობს — კობახიძე

1 სექტემბერი, 2022 • 567
დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომელიც პროკურორის 3/5-ით არჩევას გულისხმობს — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიამ პარლამენტში დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის ნორმას მოიცავს. კობახიძის თანახმად, პარტია არ იზიარებს კანონპროექტის შინაარსს, თუმცა გამონაკლისს უშვებს ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულების მიზნით.

სასამართლო რეფორმას, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს ზემოხსენებული პირობების მე-3 პუნქტი მოიცავს.

“ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიციირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი – მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს…” — თქვა კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, ამ მიზეზით პარტიის გადაწყვეტილებით შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, მისი სიტყვებით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება “ოცნებისთვის” “განსაკუთრებული პრიორიტეტია”.

“გამომდინარე [აქედან], გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ”, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი