ახალი ამბები

„ოცნება“ 12 პუნქტის შესრულების ილუზიას ქმნის – მეზვრიშვილი

1 სექტემბერი, 2022 • 962
„ოცნება“ 12 პუნქტის შესრულების ილუზიას ქმნის – მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულების ილუზიას ქმნის. ამის შესახებ მან დღეს, პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მეზვრიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არ გამოუხატავს მხარდაჭერის მზაობა იმ წინადადებების მიმართ, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარადგინეს.

როგორც მეზვრიშვილი ამბობს, ხელისუფლების სტრატეგია მეორეხარისხოვანი პროცედურული საკანონმდებლო ცვლილებებისკენაა მიმართული და მიზნად არ ისახავს ქვეყანაში ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს.

„უფრო მეტიც, პარალელურად ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს — ცვლიან არჩევნების შედეგებს, ემზადებიან მომდევნო არჩევნების გაყალბებისთვის, აგრძელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, თავს ესხმიან დასავლეთს და ა.შ.

აღნიშნულის მიუხედავად, ამომრჩევლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, 12 პუნქტის შესრულების მიზნით და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას და ინიციატივების წარდგენას. ამ პროცესში აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველს, საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ აქტორს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი პირობების შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა. აღნიშნულ ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთია, რომელიც „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად უმრავლესობის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებშია ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი