ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე და სხვა მომიჯნავე, აფხაზური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ქალები, რუსეთის ელჩს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მიხეილ შურგალინს შეხვდნენ. აქტივისტების თქმით, შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადგილობრივი აფხაზურის ტელევიზიის ეთერში ქალმა აქტივისტებმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.
“ჩვენ მას ავუხსენით, რომ აფხაზეთის მიწა არ იყიდება და რაც მთავარია, ჩვენ მას გავაგებინეთ, რომ აფხაზი ხალხის განწყობა არაა ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა. მე ჩემი საუბარი იქიდან დავიწყე, რომ ხშირად ვხვდები ვეტერანებს, ხალხს, და 80-90% -ის აზრი მაინც ვიცი. ისინი წინააღმდეგი არიან ამ აგარაკების გაყიდვისა და გასხვისების. ელჩი შეგვპირდა, რომ ხალხის ამ განწყობებს ის ვლადიმერ პუტინამდე მიიტანს, თუმცა, ისიც გაგვაგებინა, რომ ეს საკითხი მხოლოდ აფხაზეთის პარლამენტის მისაღებია”, – განაცხადა ლარისა ტარბამ, აფხაზეთის ვეტერანტთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე, ჟურნალისტი იზიდა ჭანია. როგორც მან ადგილობრივ მედიასთან პრესკონფერენციისას განაცხადა, ელჩის სიტყვებში ღია შანტაჟიც ამოიკითხა, როდესაც მან ბიჭვინთის თემა ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას დაუკავშირა, როგორიცაა აეროპორტის და რკინიგზის აღდგენა, ასევე აფხაზებისთვის რუსული პენსიების შესაძლო შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ მიიღებს ბიჭვინთის აგარაკებს.
ჭანიას განცხადებითვე, შეხვედრაზე რუსეთის ელჩმა ცხადად გააგებინა მათ, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ინტერესია და პუტინს სურვილია ამ აგარაკებზე შეხვედრები გამართოს, თუმცა არა როგორც აფხაზეთის, არამედ როგორც რუსეთის ტერიტორიაზე.
“შემიძლია ციტირება მისი სიტყვების – პუტინს ბიჭვინთა სჭირდება”, – განაცხადა იზიდა ჭანიამ ელჩთან შეხვედრის შეჯამებისას.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე პარტია “აპსნის” წევრი ნაირა ამალიია, რომელმაც მოგვიანებით ფეისბუკზე დაწერა, რომ “ელჩთან შეხვედრის არსი იყო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით შექმნილი დაძაბულობა, არამედ ანტირუსული განწყობების ზრდაც”.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.
ამავე თემაზე:
