საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საზოგადოება საკუთარ ხელისუფლებასთან იბრძვის

30 აგვისტო, 2022 • 1013
აფხაზეთის საზოგადოება საკუთარ ხელისუფლებასთან იბრძვის

სოხუმში ჯერ კიდევ არ ცხრება დისკუსია ბიჭვინთის 186 ჰექტარი ტერიტორიის [მასთან არსებული საზღვაო აკვატორიის ჩათვლით] რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათში იმის შესახებ, იქონიებს თუ არა გავლენას რუსეთის სასარგებლოდ გასხვისებული აფხაზური მიწა აფხაზეთის სუვერენიტეტზე, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხაილ შურგალინიც ჩაერთო.

რია-ნოვოსტთან ინტერვიუში შურგალინმა განაცხადა, რომ დისკუსია სახელმწიფო აგარაკის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციაა და ისინი, ვინც ამის წინააღმდეგი არიან, არა მხოლოდ პრეზიდენტის [ბჟანიას] წინააღმდეგ თამაშობენ, არამედ გარე მოწინაღმდეგების ინტერესებს ემსახურებიან, მათ, ვისგანაც აფხაზეთს რუსეთი იცავს, ანუ – საქართველოს.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ პასუხმაც არ დააყოვნა. ვეტერანმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრმა, ვიანორ აშბამ ღია წერილით მიმართა ელჩს, რომელშიც დაემუქრა, რომ პირადად პუტინთან უჩივლებდა. ვეტერანის აზრით, აფხაზეთის ელჩი თვითნებურად აკეთებს განაცხადებებს რუსეთის ხელისუფლების სახელით.

დისკუსია აფხაზურ საზოგოდოებაში ისევ განახლდა აშბას განცხადების, ელჩ შურგალინისა და ასლან ბჟანიას მიერ რუსეთის ტელევზიისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ.

აფხაზური საზოგადოების უმეტესი ნაწილი თანხმდება, რომ სისულელეა ფიქრი იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ელჩი პირად მოსაზრებას აზიარებს ინტერვიუებში, რადგან მისი მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ადგილობრივ საზოგადოებამდე მიიტანოს მისი ხელმძღვანელობის, ანუ რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია.

ცალკე ყურადღების ცენტრში მოექცა ასლან ბჟანიას ინტერვიუ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან გადაცემაში. ინტერვიუში ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს, რაზეც აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვნმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა:

“ჰკითხა კი პრეზიდენტმა ხალხს იქამდე, სანამ ასეთ აზრს გაახმიანებდა?”- წერდნენ მსგავს კითხვებს აფხაზები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტმა საიდ გეზერდავამ ამ პერსპეტივას სამართლებრივი შეფასება მისცა. მისი აზრით, აფხაზეთის პოზიცია მსგავს სახელმწიფოთა წარმონაქმნში არამდგრადი იქნება, მით უმეტეს, თუკი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პრეცედენტი იარსებებს.

არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შემდეგ დღის წესრიგში დადგება კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. კანონის პროექტის ტექსტი ჯერ არ არსებობს. თუმცა არსებობს ზეპირი საუბარი იმის შესახებ, რომ ამ კანონის წყალობით აფხაზები გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას, თუმცა რუსები აფხაზეთში ასეთი პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ. 

გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ ზეპირი განაცხადებია. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ კანონის ტექსტში მაინც იქნება გათვალისწინებული პრეფერნციები რუსეთის მოქალაქეებისთვის – მაგალითად, აფხაზეთში უძრავი ქონების გამარტივებული ფორმით ყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ გადასწყვეტია სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხი. როგორც ელჩი აცხადებს, 2012 წლიდან აფხაზური მხარე ამ თემას იმისთვის აფერხებს, რომ საერთოდ არ გადაჭრას ის. 

აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრის დროს ასლან ბჟანიამ ახსენა, რომ თუ პარლამენტი არ მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას, არსებობს უინვესტიციოდ დარჩენის რისკი – არანაირი აეროპორტი 2024 წელს, არანაირი ახალი სასტუმრო და ენერგეტიკა. როგორ ბჟანია ამბობს, რუსეთი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებზე უარს არ იტყვის. გაუგრძელებს პენსიებისა და ხელფასების გადახდას საბიუჯეტო თანამშრომლებს, მაგრამ განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება.

ადგურ ლაგვილავა, დეპუტატობის ექსკანდიდატი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთს არც სჭირდება ინვესტიციები, რადგან შემოსავალი ბიუჯეტის ნაცვლად მაინც ცალკეული ჩინოვნიკების ჯიბეში აღმოჩნდება.

“ელჩის თქმით, ბიჭვინთის საკითხი აისახება ინვესტიციებზე, მაგრამ ამასთან, რუსეთი შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს, რადგანაც ამ ბიზნესპროექტებში დაინტერესებული არიან არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მათი ნათესავებიც. ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეები, როგორმე გადავიტანთ”, – დაწერა ადგურ ლაგვილავამ.

მან ასევე ყირიმის მაგალითი მოიყვანა, სადაც არარეზიდენტებისთვის აკრძალულია მიწის გაყიდვა, და დასვა კითხვა, მაშ, რატომ მოითხოვს რუსეთის ხელისუფლება რუსებისთვის მიწებისა და უძრავი ქონების მიყიდვას აფხაზეთში?

პასუხი რამილ აჯიბას მოსაზრებაშია, სადაც ის ეყრდნობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, რომელშიც საუბარია ერთობლივ დახმარებაზე, მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ რუსეთი აფხაზეთს აძლევს ფულს და სამხედრო დაცულობას, სანაცვლოდ კი ითხოვს მხოლოდ ერთს – უძრავი ქონების ობიექტებს.  

აფხაზეთის ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი, მთელი ზაფხულის განმავლობაში რაიონებში მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკური გაერთიანებებთან, სადაც მთავრი თემა ბიჭვინთის სახელმწიფოს აგარაკის გასხვისებაა. მაგრამ ეს არ კეთდება საზოგადოებასთან თემის განხილვის მიზნით, – ის ცდილობს განუმარტოს მოსახლეობას, რომ ნებისმიერ გარემოებებში მოხდება გასხვისება, ვინც არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. 

თუმცა სამოქალაქო საზოგადოება ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს. ქალმა აქტივისტებმა აღნიშნული თემის განსახილველად მოითხოვეს, შეხვდნენ რუსეთის ელჩ შურგალინს. თუმცა, როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ნაირა ამალიიამ თქვა, ეს შეხვედრა მედიის გარეშე ჩაივლის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი