ახალი ამბები

სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

30 აგვისტო, 2022 • 932
სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

როგორც სამხარაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, უწყება მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს.

ადვოკატი განმარტავს, რომ  გოგაშვილის დაკავების პარალელურად, საგამოძიებო უწყებებმა ჩხრეკა მისი ნათესავებისა და ახლობლების სახლებშიც ჩაატარა, ერთ-ერთი კი ალექსანდრე სამხარაძე იყო, რომლის ბინაშიც ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები იპოვეს. რამაზ ჩინჩალაძის თქმით, სამხარაძე წარსულში თავადაც მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და საშტატო იარაღი ჰქონდა, რომელიც უწყების დატოვების შემდეგ ჩააბარა, ვაზნების დაბრუნება კი დაავიწყდა. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს ტყვიები იპოვეს მისი სახლის ჩხრეკის შედეგად.

ალექსანდრე სამხარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი