ახალი ამბები

გერმანიაში €9-იანი ბილეთების გამო მეტი ადამიანი მოიხმარს საზ. ტრანსპორტს — კვლევა

31 აგვისტო, 2022 • 1271
გერმანიაში €9-იანი ბილეთების გამო მეტი ადამიანი მოიხმარს საზ. ტრანსპორტს — კვლევა

გერმანიის მთავრობის ექსპერიმენტის შედეგად, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-თვიან ულიმიტო ბილეთებს 9 ევროდ ყიდდნენ, უწინდელთან შედარებით, 1.8 მილიონი ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო. აღნიშნულის შესახებ “გერმანული სატრანსპორტო კომპანიების ასოციაციის” კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, პირველ ივნისს დაწყებული ექსპერიმენტის დროს, რომელიც მატარებლის ქსელებს, ავტობუსსა და ტრამვაის  აერთიანებს, 52 მილიონი ბილეთი გაიყიდა. მყიდველთა მეხუთედს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც იქამდე, ჩვეულებრივ, არ სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

“გერმანული სატრანსპორტო კომპანიების ასოციაციის” მიხედვით, ნახშირორჟანგის შემცირების უკან დგას იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ავტომანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.

ასოციაციის მიხედვით, დაზოგილი გამონაბოლქვი 350 000 სახლის გათბობისათვის საჭირო ენერგიის ეკვივალენტურია. ტიპური სამგზავრო ავტომობილი წელიწადში 4.6 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს.

“ამ დრომდე ჩვენი საუკეთესო იდეა”, — The Guardian-ის თანახმად, ასე დაახასიათა 9-ევროიანი ბილეთების სისტემა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომლის კრიტიკოსებიც ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდასა და ცხოვრების გაძვირებაზე საუბრობენ.

გამოცემის თანახმად, ასევე მიიჩნევა, რომ სქემამ წვლილი შეიტანა ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებაში, რომელიც ამჟამად 8%-ს შეადგენს. ეს კი იმაზე დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

კვლევის მიხედვით, ბილეთების მყიდველთა 37%-ზე მეტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამსახურამდე მისასვლელად გამოიყენა. 50% მოდის ყოველდღიურ აქტივობებზე, მათ შორის, ექიმთან ვიზიტსა და საყიდლებზე, 40% — ახლობლების მონახულებაზე, 33% — დღიურ მოგზაურობებზე.

“ბავარიიდან (სამხრეთიდან) როსტოკში (ჩრდილოეთში) ვიმოგზაურე და ვნახე ადგილები, რომელთა მონახულებითაც სხვაგვარად თავს არასდროს შევიწუხებდი… ქონებაც დავზოგე და ძალიან გავერთე”, — განუცხადა 80 წლის რონალდ შენკმა რეგიონულ მაუწყებელს.

სქემის მოქმედება დღეს, 31 აგვისტოს სრულდება. უნდა გაგრძელდეს თუ არა ის? აღნიშნულს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. არსებობს მოლოდინი, რომ ნებისმიერი ჩანაცვლების ფასი მინიმუმ ექვსჯერ მაღალი იქნება, მაგრამ გამოკითხვების თანახმად, სქემის მიმართ მოქალაქეთა შორის ენთუზიაზმი მაღალია.

“გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ერთი ტონა CO2-ის გამოყოფის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი, დაახლოებით, 180 ევროს შეადგენს.

[სქემის მომხრე] ეს გაანგარიშება გამოყენებული იქნება როგორც არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გააგრძელოს მთავრობამ მომავალში იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის სუბსიდირება”, —  აღნიშნავენ სქემის მომხრე კამპანიის მონაწილეები.

მეორე მხრივ, სქემის გახანგრძლივების მოწინააღმდეგეები გადატვირთულ მატარებლებზე საუბრობენ. ამასთან, ისმის მოსაზრება, რომ თუ იაფი ბილეთების სისტემა გაგრძელდა, ნაკლები თანხა დარჩება სატრანსპორტო სისტემის გასაუმჯობესებლად, რომელიც განსაკუთრებით გაუმართავია სოფლად.

“ბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი სოფლად ყველაზე დაბალი იყო, რაც, სავარაუდოდ, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლები ხელმისაწვდომობით აიხსნება”, — წერს The Guardian.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი