ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში მყოფი ქართველი ქალის თქმით, ყოფილ ქმარს, რომელიც ამავე ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის ბავშვის წართმევა სურს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყება ამბობს, რომ დედას სურს, ბავშვი ეგვიპტიდან გაიყვანოს, რასაც მამის თანხმობა სჭირდება.
მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა. მარიამ კახაბრიშვილი ტელეარხს ეუბნება, რომ როდესაც საქართველოდან ეგვიპტეში ყოფილ ქმართან ერთად ჩავიდა, უკანასკნელის ოჯახის წევრები, თავდაპირველად, “კარგად დახვდნენ”, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ კაცმა განუცხადა, რომ ბავშვის წართმევა სურს.
“ნეტგაზეთი” უშუალოდ კახაბრიშვილს ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა, თუმცა გაესაუბრა მის ადვოკატს, ლუკა თურქაძეს, რომელიც აღნიშნავს, რომ ეგვიპტეში მყოფი ქალი 29 აგვისტოს, ინტერნეტით დაუკავშირდა.
თურქაძის თანახმად, მარიამ კახაბრიშვილსა და მის ყოფილ ქმარს 4 წლის შვილი ჰყავთ, რომელიც საქართველოში დაიბადა. ისინი 4 წლის წინ თბილისში დაქორწინდნენ, 3 კვირის წინ კი ამავე ქალაქში განქორწინდნენ.
ქალი და ბავშვი საქართველოს მოქალაქეები არიან. კაცი პანდემიის კრიზისის დაწყებამდე საქართველოში ცხოვრობდა, შემდეგ კი — ეგვიპტეში.
ადვოკატის თანახმად, განქორწინების შემდეგ მარიამ კახაბრიშვილს ყოფილმა ქმარმა სთხოვა, ბავშვთან ერთად დასასვენებლად ეგვიპტეში წაჰყოლოდა, რათა ბებია და ბაბუა ბავშვისთვის გაეცნო. მისივე თქმით, ქალი აღნიშნულს დათანხმდა.
“პირველი 3 დღე ყველაფერი ნორმალურად იყო ეგვიპტეში. მერე აღმოჩნდა, რომ განქორწინებული ქალის კაცთან ცხოვრება არ შეიძლებოდა და ამ ქალს უქირავეს სხვა ბინა…
3 დღის წინ უცებ წაართვეს ამ გოგოს ყველაფერი: დოკუმენტაცია, თანხა, ტელეფონი და ბავშვიც, [ასევე] ბავშვის ყველანაირი დოკუმენტაცია. გამოუცხადეს, რომ ბავშვს ვეღარასდროს ნახავდა და აპირებდნენ ბავშვის იქ დატოვებას.
გამოდის, რომ ბავშვი გატაცებულია, დედას კი არ აქვს მისი ნახვის შესაძლებლობა. დედას, ფაქტობრივად, გადაადგილება აქვს შეზღუდული და არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ შესაბამისად გადაადგილდეს”, — დასძენს ადვოკატი.
ლუკა თურქაძის თანახმად, ქალს ეუბნებიან, რომ როცა ეგვიპტიდან წასვლა მოუნდება, თავად უყიდიან ბილეთს და აეროპორტშიც წაიყვანენ, თუმცა ბავშვს ვერ ნახავს.
ადვოკატის სიტყვებით, მომხდარში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იკვეთება. მეორე მხრივ, თურქაძის თქმით, თუ მარიამ კახაბრიშვილის ყოფილი ქმარი მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდაში სათანადოდ არ არის ჩართული, ქართულ სასამართლოში უნდა იდავოს, ვინაიდან ბავშვი საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა.
ლუკა თურქაძე დასძენს, რომ კახაბრიშვილმა მასთან დაკავშირება შეძლო ბავშვის კუთვნილი აიპოდით, “რომელიც დაავიწყდა მამას, რომ არსებობდა, თორემ იმასაც წაართმევდა”. ადვოკატის ინფორმაციით, მიმართა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს საელჩოს ეგვიპტეში, თუმცა სწრაფ რეაგირებას, ბიუროკრატიის გამო, არ ელის:
“…არადა, რეალურად, საჭიროა მალე რეაგირება. აქ უნდა მოხდეს კომპლექსური ჩარევა როგორც საგარეო, ისე იუსტიციის სამინისტროსი, რომ დაიწყოს სამართლებრივი მოქმედებები; მისწერონ ეგვიპტის შესაბამის ორგანოებს, რომ ასე არ ხდება და ბავშვის წართმევის უფლება არავის აქვს”.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის თანახმადაც, საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც საქართველოს მოქალაქესთან, ასევე მის ყოფილ ქმართან. სამინისტროს ცნობით, ქალი იმყოფება ქალაქ ისმაილიაში, “ყოფილი მეუღლის დის ოჯახში”.
“საქართველოს მოქალაქისა და მისი მეუღლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დედას სურს ბავშვის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რასაც სჭირდება მამის თანხმობა.
ვინაიდან ბავშვის მამა არის ეგვიპტის მოქალაქე, პროცედურები რეგულირდება ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად”, — ამბობს უწყება.
სამინისტროს პრესსამსახურს ვკითხეთ, თუ აქვს ინფორმაცია ადვოკატის მონაყოლის შესახებ, რომლის თანახმადაც ქალს დოკუმენტები და ფული წაართვეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.