ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრება მიუთითებს, რომ „ოცნება“ EU-ს რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – დეკანოიძე

29 აგვისტო, 2022 • 838
ვენეციის კომისიის მოსაზრება მიუთითებს, რომ „ოცნება“ EU-ს რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მოსმენების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკულ მოსაზრება მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული.

ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 29 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია  პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს შეუძლიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

დეკანოიძის თქმით, მოსმენების შესახებ კანონი არც ქვეყანაში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას შეესაბამება და არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის პირობებს.

„ამ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. „ქართული ოცნება არ აპირებს [ევროკომისიის] 12 პუნქტის შესრულებას და ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასაძლიერებლად, არის იმიტიაციური. მმართველი გუნდი არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუების რეკომენდაციებს. ეს საკანონმდებლო ჩარჩო ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება, საქართვლოში პოლიტიკური მართლმსაჯულების, მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესში „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ნეგატიური როლი აქვს.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, არის მხოლოდ საზოგადოების მოტყუება.

სწორედ ამას ამბობს ვენეციის კომისია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იმიტომ, რომ როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

27 აგვისტოს ვენეციის კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას კანონის „ნაჩქარევად“ მიღების გამო აკრიტიკებს და მის გადახედვას ურჩევს.

როგორც ვენეციის კომისია წერს, ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის „უკიდურესად არასანდო“ საშუალება, რომელიც აზიანებს ადამიანის ძალიან ბევრ უფლებას, მათ შორის, პირადი ცხოვრების, კომუნიკაციის დაცულობის, გამოხატვის, შეკრების, რელიგიის თავისუფლებისა და ა.შ.

ასევე ნახეთ:

ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოსთან არსებული მრჩეველთა ორგანო, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. კომისიის ფუნქციაა, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შესთავაზოს სამართლებრივი რჩევები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან და მსოფლიო გამოცდილებასთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი