ახალი ამბები

აბსოლუტურად გაუგებარია – კობახიძე პრეზიდენტის ვეტოზე

23 ივნისი, 2022 • 710
აბსოლუტურად გაუგებარია – კობახიძე პრეზიდენტის ვეტოზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსმენების სადავო კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება გაუგებარია.

მისი თქმით, ეს უმარტივესი  და „სუფთა“ კანონპროექტია, რადგან მასზე ორი თვის განმავლობაში შენიშვნები ვერ წარმოადგინეს და, შესაბამისად, მისთვის, გაუგებარია, რა სამართლებრივი შენიშვნები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს.

„როდესაც კანონპროქტის განხილვა ორ თვეზე მეტი გრძელდება, ვერც ერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და, საბოლოო ჯამში, იღებ ამ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. სამართლებრივი ვერაფერი ვერ ეწერება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ პირველ რიგში შენიშვნებს გავეცნოთ და გადავამოწმოთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი პრეზიდენტის დოკუმენტში. თუ დავრწმუნდებით, რომ რეალურად არავითარი სამართლებრივი შენიშვნა პრეზიდენტს არ აქვს, რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო მოსმენების შესახებ პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სადავო კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ეს არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოყენებული პირველი ვეტო.

“მე არ ვეთანხმები [ამ კანონს] და ასე მიიღეთ”,  – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან იცის, რომ “ოცნებას” ამ ვეტოს დაძლევის ბერკეტი აქვს პარლამენტში, ამიტომ ეს მისი მხრიდან უფრო პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი.

ზურაბიშვილის თქმით, მომავალშიც აპირებს გამოიყენოს ვეტო, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცველ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ფარულ მოსმენებზე სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი