რუსეთში მცხოვრები თინა კანდელაკი აცხადებს, რომ კანადის მიერ სანქცირებულ პირთა ახალ სიაში მისი ქმარიც მოხვდა, რის გამოც კანადაში ვეღარ დაისვენებს. ცნობილია, რომ კანადამ რუსეთის კიდევ 62 მოქალაქე შეიყვანა სანქცირებულთა ნუსხაში.
“კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქციების ახალ სიაში და იმის გამო, რომ მის გარეშე არ ვისვენებ, ჩემი პერსპექტივები შეუძლებლამდე დავიწროვდა.
ახლა ხომ ვეღარ ჩავფრინდები კერძო თვითმფრინავით კვებეკში, ჩემს შალეში. ვეღარ შევალ იქ ჩემი პირადი, 6-მეტრიანი მაიბახით და ვეღარ დავინახავ, როგორ გვესალმებიან კანადელი მოსამსახურეები მე და ჩემს ქმარს.
რას ვიზამთ, კიდევ ერთი ქვეყნის გადახაზვა მომიწევს ჩემს რუკაზე. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმსა და სევასტოპოლს!” — წერს ის.
კანადის მიერ ახლად სანქცირებულ რუსებს შორის არიან რუსეთის 27 რეგიონის გუბერნატორები და მათი ოჯახის წევრები.
თინა კანდელაკის ქმარი ვასილი ბროვკო, რომელიც სიაში მოხვდა, რუსეთის “როსტეხის” სახელმწიფო კორპორაციაში საქმიანობს დირექტორად სპეციალური დავალებების მიმართულებით. “როსტეხი” ქვეყნის უმსხვილესი კომპანიაა თავდაცვის სექტორში.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კანადის მიერ ამ დროისთვის სანქცირებულია 1 500 რუსი, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.