საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გასულ კვირას კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც ფილმებსა და სერიალებს არალეგალურად ავრცელებენ და საკუთარი პლატფორმების ამგვარი ნაწარმისგან გათავისუფლება დაავალა.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც მოთხოვნის მიუხედავად არალეგალური კონტენტი პლატფორმიდან არ ამოიღეს, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს მათი დაბლოკვის მიზნით.
როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, არალეგალური კონტენტის გამავრცელებლები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილეს, რათა საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.
კომისია აღნინავს, რომ ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის საავტორო უფლებების დარღვევით განთავსება სერიოზულ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც იგივე კონტენტი ნაყიდი აქვთ და მომხმარებლებს ლეგალურად სთავაზობენ:
„იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“.
როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, ინტერნეტმეკობრეობის გამო საქართველომ გაფრთხილებაც კი მიიღო.
„კომუნიკაციების კომისიას, საქპატენტსა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას მიმართა Motion Picture Association of America-მ, რომელიც “დისნეის”, “ვორნერ ბრაზერს”, “უნივერსალ ფიქჩერს”, “სონის”, “პარამაუნტ ფიქჩერს” და “ნეტფლიქსს” აერთიანებს, და საქართველოს ინტერნეტმეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა.
მაშინ ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული. კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან“, – აცხადებენ კომისიაში.
მარეგულირებლის თქმით, კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანაა, ინტერნეტ სივრცე არალეგალური და პირატული კონტენტისგან ისე გათავისუფლდეს, რომ მომხმარებლის ინტერესი არ დაზიანდეს.