კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა “სირცხვილიას” რეკლამის ეთერში გაშვების გამო “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, “ტვ პირველი” და “ფორმულა” კი გააფრთხილა. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომისია ამბობს, რომ ტელეარხებმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსეს.
სამივე ტელეარხს “ქართულმა ოცნებამ” უჩივლა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ 23 და 24 ივნისს ეთერში გავიდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომლითაც მოძრაობა “სირცხვილია” მაყურებელს 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა.
საჩივრის განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ტელევიზიებს ხსენებული ვიდეორგოლის ეთერში განთავსების უფლება კანონმდებლობით არ ჰქონდათ.
“ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა, მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი, ერთი მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.
შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას”, — ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
უწყება აღნიშავს, რომ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე.
“ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება, განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა”, — დასძენს კომისია.
განცხადების მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ “ტვ პირველსა” და “ფორმულას” აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.
” „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118,688.67 ლარი დააკისრა”, — დასძენს უწყება.
ოპოზიციური ტელეარხები ხსენებულ საჩივარს იმთავითვე განიხილავდნენ კრიტიკულ მედიაზე მორიგ შეტევად; ამბობენ, რომ კლიპში “ქართული ოცნების” ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება აქტიურად ეწევა ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას, კლიპმა კი „ქართული ოცნება“ გააღიზიანა”.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ საგანგაშოდ მიიჩნია მმართველი პარტიის ზემოხსენებული და აწ უკვე დაკმაყოფილებული მოთხოვნა, განაცხადა რა, რომ ეს “პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია”.