აშშ-ის არმია მზადაა, გააფორმოს კონტრაქტი უფრო შორი მანძილის, მძლავრ დარტყმებზე გათვლილი “კამიკაძე დრონების” დამზადებასთან დაკავშირებით, რომელთაც შემდგომ უკრაინას გადასცემს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Defense News წერს პენტაგონის სპიკერზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ ამ ნაბიჯს დგამს უკრაინისთვის ზემოხსენებული დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირების გაცემიდან 5 თვის შემდეგ.
პენტაგონის სპიკერმა ჯესიკა მაქსველმა Defense News-ს მისწერა, რომ შესაბამის კონტრაქტს მწარმოებელთან უახლოესი 30 დღის განმავლობაში გააფორმებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება 10 ერთეული Switchblade 600 ტიპის დრონის დამზადება.
ე.წ. კამიკაძე დრონ Switchblade 600-ს 2011 წლიდან აწარმოებს კომპანია AeroVironment.
აშშ-მა უკრაინას უკვე გაუგზავნა სხვა ტიპის, მათ შორის, Switchblade 300 და Phoenix Ghost ტიპის დრონები. თუმცა გამოცემა დასძენს, რომ ანალიტიკოსთა აზრით, Switchblade 600-ის სახით უკრაინას ექნება უკეთესი იარაღი როგორც რუსეთის ძალებისა და მათი აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის, ისე მათ წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებისთვის, ხერსონის მიმართულებით მოსალოდნელი კონტრეშეტევისას.
Switchblade 300 და Switchblade 600 სახელწოდებებით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათი შესაძლებლობები განსხვავებულია. სამხედრო ექსპერტის, გიგა ინაშვილის თანახმად:
- Switchblade 300 – მცირე ზომის დრონია და მას 10 კმ-ის მანძილზე ფრენა შეუძლია. გამოიყენება შეუჯავშნავი სამიზნეების გასანადგურებლად.
- Switchblade 600 – შედარებით უფრო დიდი ზომის დრონია, რომელსაც შეჯავშნული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების განადგურების რესურსი აქვს. ამ დრონის შეჯახება იმავე დონის აფეთქებას იწვევს, რასაც ჯაველინის ჭურვი.
გარდა იმისა, რომ Switchblade 300-თან შედარებით გაცილებით მძიმეა, Switchblade 600-ის ფრენის დიაპაზონი 40 კმ-ია (Switchblade 300-ისა — 10 კმ), ჰაერში გაჩერება კი 40 წუთის განმავლობაში შეუძლია (Switchblade 300-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15 წუთს შეადგენს).
მაისში პენტაგონში აცხადებდნენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა 10 ერთეული Switchblade 600 ტიპის დრონის დამზადებასთან დაკავშირებით კონტრაქტის გასაფორმებლად.
“მათი მიწოდების თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე”, — ამბობდნენ უწყებაში, ხაზს უსვამდნენ რა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს არ ჰქონდა აქტიური კონტრაქტი Switchblade 600-ისთვის და “პროტოტიპების მხოლოდ მცირე რაოდენობა” ჰქონდა შეძენილი “კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის”.
ჯერაც უცნობია, კონკრეტულად როდის მიაღწევს უკრაინამდე “კამიკაძე დრონების” ზემოხსენებული პარტია. როგორც Defense News წერს, ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც Switchblade 600, Switchblade 300-სგან განსხვავებით, უკრაინაში სწრაფად ვერ ჩადის, სწორედ ის ფაზაა, რომელშიც ახლა იმყოფება.
“ის ჯერაც პროტოტიპის ფაზაშია, უნდა დასრულდეს ტესტირება და შეფასება”, — აღნიშნავს გამოცემა.
მეორე მხრივ, პენტაგონმა გასულ კვირას პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის Insitu-ის მიერ წარმოებულ ScanEagle-ს — დაბალ სიმაღლეზე მფრენ მზვერავ თვითმფრინავს ფრენის გრძელი დიაპაზონით, რომელიც უკრაინულ არტილერიას დაეხმარება სამიზნეების ძიებისას.
ომის დაწყების შემდეგ, როგორც უკრაინას, ისე რუსეთი, აქტიურად იყენებენ დრონებს.
უკრაინის არსენალში ყველაზე ცნობილი დრონი Bayraktar TB2-ა — თურქული წარმოების აპარატი, რომელსაც ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუძლია გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა 2.5-დან 37.5 კილოგრამამდე.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.