ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს Switchblade დრონებს. ამის შესახებ Politico-ს განუცხადა კონგრესმენმა მაიკ მაქკოლმა.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენმა დააანონსა, კონგრესმენმა კი დააზუსტა, რომ სწორედ Switchblade დრონებზეა ლაპარაკი.
Switchblade დრონი მცირე ზომის საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი მართავს ტაბლეტით. სწრაფად მოძრავი დრონი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება, სწორედ ამიტომ ეძახიან მას “კამიკაძე დრონებს”, თუმცა Switchblade თარგმანში ავტომატურად გასახსნელ დანას ნიშნავს,
სამხედრო ექსპერტის, გიგა ინაშვილის ცნობით, საუბარია Switchblade 300 და Switchblade 600 ტიპის კამიკაძე დრონებზე, რომელიც შემუშავებულია და იწარმოება კომპანია AeroVironment-ის მიერ 2011 წლიდან. შეიარაღებაში აქვთ აშშ-ის საზღვაო ქვითთა კორპუსს, არმიას და სპეციალური ოპერაციების სარდლობას (USSOCOM) დაქვემდებარებულ ყველა დაჯგუფებას.
გიგა ინაშვილის თანახმად:
- Switchblade 300 – მცირე ზომის დრონია და მას 10 კმ-ის მანძინლზე ფრენა შეუძლია. გამოიყენება შეუჯავშნავი სამიზნეების გასანადგურებლად.
- Switchblade 600 – შედარებით უფრო დიდი ზომის დრონია, რომელსაც შეჯავშნული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების განადგურების რესურსი აქვს. ამ დრონის შეჯახება იგივე დონის აფეთქებას იწვევს, რასაც ჯაველინის ჭურვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის გამოყოფას.
ამით 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მხოლოდ მიმდინარე კვირას გამოცხადებული დახმარების მოცულობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
CNN-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უფრო მეტ თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკვე აწვდიდა, მათ შორის, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და Stinger-ის საზენიტო რაკეტების ჩათვლით, თუმცა დახმარება არ მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, რომელსაც უკრაინა ითხოვს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა კი განაცხადა უკრაინისთვის Starstreak- ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესახებ.
აშშ-ის სამხედრო დახმარება კი, ბაიდენის ცნობით, მოიცავს:
- 800 ერთეულ მცირე და შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო სისტემას;
- 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას;
- 7000 ერთეულ მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს და 20 მილიონ ტყვია-წამალს;
- დრონებს
აღჭურვილობის მიწოდება მოხდება პირდაპირ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას კონგრესი დაამტკიცებს.