ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია”

23 აგვისტო, 2022 • 1533
“გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ე.წ. გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლები ხურჩა და ფახულანი მოინახულეს, სადაც გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს.

როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ, პრობლემებს შორისაა სოფელ ფახულანთან არსებული ფახულანი-საბერიოს გამშვები პუნქტი, რომელიც აფხაზეთის რეგიონთან აკავშირებს საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას. აღნიშნულ პუნქტს ადგილობრივები ვერ კვეთენ საჭირო „სამგზავრო დოკუმენტების“ არარსებობის გამო და, შესაბამისად, არ შეუძლიათ გალის მეზობელ სოფლებში გადაადგილება და საკუთარი ნათესავების მონახულება.

პრობლემებია სოფელ ხურჩასთანაც, სადაც არსებული ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტი 2017 წლის მარტის შემდეგ გაუქმებულია, რის გამოც სრულიად გაწყდა კავშირი საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასა და გალის სოფლების მოსახლეობას შორის.

“სოფელი ხურჩას მცხოვრებლები იხსენებენ წარსულში სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო და ყოველდღიურ კავშირებს და ამბობენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ნაბაკეველი ბავშვები ვეღარ გადმოდიან ხურჩის საბავშვო ბაღში, ხოლო თვითონ წლებია ვეღარ მიდიან ნაბაკევში მათი ნათესავებისა და საფლავების მოსანახულებლად”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა მათთან საუბრში აღნიშნავს, რომ მათი უფლებრივი და სოციალური ყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა და ვითარება წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება.

გაუარესება განსაკუთრებით აისახება აფხაზეთის რეგიონთან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორივე სოფლიდან მაღალია მიგრაცია, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამ სოფლებში მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო თხილის მეურნეობაა, რომლის ფასიც მოსავლის ხარისხის შესაბამისად წლიდან წლამდე მცირდება. ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ მეურნეობას სათანადოდ მოუარონ და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, სახელმწიფოს კი მათ მხარდასაჭერად არ აქვს საკმარისი შეღავათიანი პროგრამები დანერგილი.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ გამყოფი ხაზის სოფლებისთვის ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც დააკომპენსირებდა ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას.

ამ სოფლებს არ აქვთ მთის სტატუსიც კი, რომელიც, მაგალითად, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის სოფლებს, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ეძლევათ და მთელი რიგი სოციალური შეღავათების მინიჭებას განაპირობებს. ომის ტრავმის გამოცდილების მიუხედავად, ამ სოფლებში არ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები.

სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის შენობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. იმ პირობებში, როცა ამ სოფლის სკოლით სარგებლობის ინტერესი გამყოფი ხაზის მიღმა სოფელ საბერიოში გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ, სკოლის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივები სკოლის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

უფრო ვრცლად ორგანიზაციის მიმოხილვას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი