ქართველმა ხელოვანებმა შექმნეს ფილტრი, რომლის გამოყენებითაც ვენეციის ბიენალეზე, რუსეთის პავილიონის კედელზე ჩნდება წარწერა “ДЕТИ” (ბავშვები) — რუსეთის ძალების მიერ ქალაქ მარიუპოლზე შეტევისას დაბომბილი თეატრის შესასვლელში დაწერილი სიტყვა იმის აღსანიშნად, რომ იქ ბავშვებიც აფარებდნენ თავს.
ვირტუალური (AR) ინსტალაცია ასევე შეიცავს ინგლისურენოვან ტექსტს: “უკრაინაში რუსეთის მიერ მოკლულია 361 ბავშვი, დაშავებულია 711”. ინსტალაციის ავტორები არიან ქართველი ხელოვანები — BIIMO და ლევან ამაშუკელი.
ინსტალაციის ნახვა შესაძლებელია მობილური ტელეფონის გამოყენებით. რუსეთის პავილიონთან უნდა გაააქტიუროთ მოცემული ინსტაგრამ ფილტრი: https://www.instagram.com/ar/
მარიუპოლის თეატრი რუსეთის ავიაციამ 16 მარტს დაბომბა. იმ დროს შენობას მოქალაქეები აფარებდნენ თავს, შენობის წინა და უკანა ფასადზე კი ავიაციის პილოტებისთვის დიდი ასოებით ეწერა „ბავშვები“, თუმცა ამ წარწერას რუსული რაკეტები არ შეუჩერებია.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ რუსებმა თეატრის ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ თეატრის დაბომბვისამ დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა Associated Press-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის თავდასხმას მარიუპოლის თეატრზე ბევრად დიდი მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 600 ადამიანი.