ახალი ამბები

ბორჯომში ხანძრის ქრობაში ჯარი ჩაერთო

22 აგვისტო, 2022 • 891
ბორჯომში ხანძრის ქრობაში ჯარი ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

უწყების განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო:

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხსნილია საფრთხე, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდება. უწყების თქმით, ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ასევე ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

„ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია“, – ამბობს სამსახური და ამატებს, რომ ადგილზე ასევე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი