საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხსნილია საფრთხე, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდება.
უწყების თქმით, ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში კი ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
„ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია“, – ამბობს სამსახური და ამატებს, რომ ადგილზე ასევე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევთან ახლოს, ტყეში მეოთხე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციასა და ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ.