ახალი ამბები

სევასტოპოლში რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინას დრონი დაეცა — ე.წ. გუბერნატორი

20 აგვისტო, 2022 •
სევასტოპოლში რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინას დრონი დაეცა — ე.წ. გუბერნატორი

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიერ 20 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის თავზე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შენობის სახურავს დაეცა. თავის მხრივ, გამოცემა “კრიმ რეალიი” აფეთქების შესახებ წერს.

მიხეილ რაზვოჟაევი თავდაპირველად აცხადებდა, რომ დრონის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, დე-ფაქტო გუბერნატორმა თქვა, რომ აპარატი “ფლოტის შტაბ-ბინის თავზე ჩამოაგდეს”, “სახურავზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა”.

რაზვოჟაევის თანახმად, მომხდარს “სერიოზული ზიანი” და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოცემა “კრიმ რეალიი” კორესპონდენტის ინფორმაციით, სევასტოპოლში, ხსენებული შტაბ-ბინის შენობასთან აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 08:17 საათზე გაისმა.

“ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემამ არ იმუშავა”, — წერს გამოცემა.

სოციალურ მედიაში 20 აგვისტოს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შენობის თავზე კვამლი ამოდის. კადრებში ასევე ისმის სროლის ხმა.

რაზვოჟაევმა მოუწოდა მოსახლეობას, სახლებში დარჩენილიყვნენ უახლოეს პერიოდში. ის ასევე წერდა, რომ შტაბ-ბინის მისადგომები და შესასვლელები პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი.

სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დრონის თავდასხმა 31 ივლისსაც განხორციელდა. რაზვოჟაევი მაშინ წერდა, რომ 5 ადამიანი დაშავდა, საზღვარო ძალების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება კი გადაიდო.

მანამდე, 19 აგვისტოს ღამით, ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსულ სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ ყირიმის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ევპატორიის თავზე, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.

მოგვიანებით, დასავლეთ ყირიმში საჰაერო თავდაცვის სისტემის ამუშავება ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ “სამიზნეს მოხვდა”. მისივე ინფორმაციით, არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

გასულ დღეებში არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია ყირიმში, სხვადასხვა ობიექტზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების შესახებ.

როგორც მედია დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, 9 აგვისტოს, ნახევარკუნძულზე მდებარე საკის აეროდრომზე მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად, რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი მწყობრიდან გამოვიდა.

აფეთქებები მოხდა ყირიმის ქალაქ ჯანკოის საბრძოლო მასალების საცავშიც 16 აგვისტოს. იმავე დღეს რუსული მედია ასევე წერდა ქალაქ სიმფეროპოლთან მდებარე ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

უკრაინელი ოფიციალური პირები აფეთქებებზე პასუხისმგებლობის საჯაროდ არ იღებენ. თუმცა, სააგენტო Reuters ციტირებს უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომელიც ამბობს, რომ ყირიმში მომხდარი ინციდენტების დაახლოებით ნახევარი იყო უკრაინის თავდასხმების შედეგი, ნახევარი კი — რუსების დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევებისა.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი