ახალი ამბები

სევასტოპოლში უკრაინული დრონის თავდასხმაზე განაცხადეს

31 ივლისი, 2022 •
სევასტოპოლში უკრაინული დრონის თავდასხმაზე განაცხადეს

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინულმა დრონმა იერიში მიიტანა შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში.

მიხეილ რაზვოჟაევმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ უკრაინამ გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ძალების დღე გაეფუჭებინა.

„ფლოტის შტაბ-ბინის ეზოში ამოუცნობი ობიექტი შემოფრინდა, წინასწარი მონაცემებით, ეს არის დრონი. დაშავდა ხუთი ადამიანი, ისინი ფლოტის შტაბის თანამშრომლები არიან. არავინ დაღუპულა. ყველას აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს და გარემოებებს იძიებს“, — დაწერა მან.

ე.წ. გუბერნატორის ინფორმაციით, საზღვაო ძალების დღის საპატივცემულოდ დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადაიდო.

უკრაინულ მხარეს ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის შტაბ-ბინაზე თავდასხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი