შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პანკისში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი ადგილზე არ ყოფილა. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სოსო გოგაშვილი არ ყოფილა პანკისში იქ [სპეცოპერაციის დროს]. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. ის ბრძანება, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მოეხდინათ… ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა. ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს.
ძალიან მძიმე იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება [ლიკვიდაციის], რა თქმა უნდა, არ გაცემულა და კიდევ ვადასტურებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე. ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გომელაურმა.
რამდენიმე დღის წინ სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ “აგორებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის” გაჩერება შეეძლო გომელაურს. კერძოდ, იმის თქმით, რომ შავნაბადას სპეცრაზმი გოგაშვილს არ ექვემდებარებოდა და ბრძანებას ის ვერ გასცემდა.
“სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად, მინდა გავიხსენო მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში”, – წერდა გოგაშვილი გომელაურს.