ახალი ამბები

„1.2 მლნ დოლარი რადიოაქტიურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს

18 აგვისტო, 2022 • 1123
„1.2 მლნ დოლარი რადიოაქტიურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ საქართველოში სამი პირი გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერებების 1.2 მილიონ დოლარად გაყიდვას.

გამოძიების ვერსიით, „პირთა ორგანიზებული ჯგუფი“ თბილისსა და საგარეჯოში, საკუთარ სახლებში უკანონოდ ინახავდა „ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს“. სუსი არ აზუსტებს, რა ნივთიერებაზეა საუბარი.

უწყების განცხადებით, ეს პირები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ეძებდნენ პოტენციურ მყიდველს, ამ პერიოდში კი სისტემურად ცვლიდნენ რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილს.

„საბოლოოდ [ისინი] შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების 1 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – აცხადებენ სუს-ში.

ისინი 16 აგვისტოს დააკავეს. დღეს კი, 18 აგვისტოს, სამივე მათგანს წარუდგინეს ბრალი „ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის“ მუხლით.

ბრალდება 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი