ახალი ამბები

პროკურატურა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის გირაოს ასაჩივრებს

18 აგვისტო, 2022 •
პროკურატურა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის გირაოს ასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა გეგმავს გაასაჩივროს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა. უწყება გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის თქმით, დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი