არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლეის საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადება თავდასხმაა როგორც აშშ-ის საელჩოზე, ასევე, ინდივიდუალურ მოსამართლეზე.
საუბარია დღეს, 16 აგვისტოს, გავრცელებულ მორიგ ანტიამერიკულ განცხადებაზე, რომელიც შეეხება პარლამენტისთვის აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ წარდგენილ რეკომენდაციებს.
„ოცნებიდან“ წასულები დეპუტატები ამტკიცებენ, რომ საელჩომ პარლამენტს არა რეკომენდაციები, არამედ „ინსტრუქციები“ წარუდგინა, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და მასში შეღწევის მიზანს. მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს ისევ სდებენ ბრალს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და „რადიკალური ოპოზიციის გაძლიერების“ მცდელობაში.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტის 4 წევრის განცხადება აბსურდული და ანტისახელმწიფოებრივია.
„გარდა ამისა, ეს საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. წლებია აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ არის მიმართული და რა სამწუხაროა, რომ ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც უმთავრესად კლანურ ინტერესებს ემსახურება, არის ძირითადი მიზეზი სასამართლოში არსებული პრობლემების და რეგრესის.
მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე პარლამენტის წევრების მხრიდან ამგვარი მსჯელობა ფაქტობრივად მოქმედი მოსამართლის საქმიანობის შეფასებაა, რაც სცილდება დეპუტატის უფლებამოსილებას.
გასაკვირია, მაგრამ განცხადებაში ასეთ ფრაზაც არის – “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.”
შეგახსენებთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია და ბევრი ასეთი მაღალი თანამდებობის მოსამართლე 2012 წლამდეც იყო. ისინი დღეს სასამართლოებში მაღალ პოზიციებს იკავებენ, საინტერესოა, რისთვის? მათი ღირებულებების, კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის თუ 2012 წლამდე წარმატებული სამოსამართლო საქმიანობის გამო?!
პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს განცხადება არის თავდასხმა, როგორც აშშ-ის საელჩოზე, ასევე ინდივიდუალურ მოსამართლეზე“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.
დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია „საკვანძო რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ“, აშშ-ის საელჩომ წარუდგინა პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. დოკუმენტის თანახმად, რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ:
რა წერია რეალურად აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ რეკომენდაციებში