ახალი ამბები

მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში – სააკაშვილი

16 აგვისტო, 2022 •
მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ენაზე დაწერილ წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა პირადად სურს.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ციხეშია დატყვევებული, თუმცა მისი გული უკრაინაშია.

„ჩემი ჯანმრთელობა შერყეულია, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობა, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩემი უსაზღვრო რწმენა გამარჯვებისადმი.

მე მსურს უკრაინის თავისუფლება და მინდა უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვობენ და ვემახსოვრები“, – წერს სააკაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან გასვლა სურს, რადგან უკრაინის პოლიტიკა აინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი