ახალი ამბები

ამნისტია თუ საარჩევნო კეთილგანწყობა

26 აპრილი, 2010 • 1711
ამნისტია თუ საარჩევნო კეთილგანწყობა

გაზეთმა “ბათუმელებმა”  დაადგინა, რომ ტელევიზიების ბიუჯეტისადმი დავალიანება 21 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 14 მილიონი _ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიას აქვს, 5 000 500 ლარი – “რუსთავი 2”-ს, რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო დავალიანება კი მხოლოდ 1 709 000 ლარია. მაუწყებლებს 36 მილიონი ლარი უნდა ჩამოეწეროს. პარლამენტში გაცხადებული ინიციატივა კი მხოლოდ რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიას ითვალისწინებდა. სამთავრობო ინიციატივა მედიაექსპერტებმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და მოწყალებად  შეაფასეს.

 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ტელევიზიებს საგადასახადო დავალიანება –  36 მილიონი ლარი უნდა ჩამოეწეროს, თუმცა გასაიდუმლოებულია ინფორმაცია, ხალხის ხარჯზე ვინ იღებს შეღავათს და რამდენს. 26 თებერვალს პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში ქართული რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა. გადაწყვეტილების მოტივაციად პრეზიდენტმა ”ტელეარხ 25”-ის მაგალითი დაასახელა. ”ყველას გახსოვთ, რომ შარშან საგადასახადო დავალიანებების გამო თითქმის დახურვის პირას აღმოჩნდა `25-ე არხი”. ეს ტელევიზია ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა”, _ თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში.

ტელევალები
ტელევალები

 საანგარიშო მოხსენება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდა. აქ წერია, რომ ამნისტია ნაციონალურ არხებსაც შეეხება: `გამომდინარე ქართული სარეკლამო ბაზრის სიმცირიდან და შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან, თითქმის ყველა კერძო ტელევიზიას მძიმე საგადასახადო დავალიანების პირობებში უწევს არსებობა. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა რეგიონალურ ტელევიზიებს”.

 პრეზიდენტის ინიციატივა _ ამნისტია რეგიონულ ტელევიზიებს _ ნაციონალური ტელევიზიების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. `ბათუმელებისთვის~ რეგიონული ტელევიზიების ხელმძღვანელებისგან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ამ ტელევიზიების მთლიანი დავალიანება მხოლოდ 1 709 000 ლარია.

 ტელე-ვალები

 რეგიონული ტელევიზიების ასოციაცია 27 რეგიონულ ტელევიზიას აერთიანებს. ვალების რაოდენობის დადგენის მიზნით ”გაზეთი ბათუმელები”  27-ვე ტელევიზიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მათგან მხოლოდ რუსთავის რეგიონული ტელევიზიის დირექტორმა – ხათუნა ბარბაქაძემ განაცხადა უარი, უპასუხოს გაზეთ ”ბათუმელების” კითხვას – აქვს თუ არა ტელევიზიას დავალიანება? ის მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციის კომერციული საიდუმლოებაა.

 7 რეგიონული ტელევიზიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ აქვთ საგადასახადო დავალიანება. 19 ტელევიზიის დირექტორი კი სახელმწიფოს წინაშე დავალიანებას კატეგორიულად გამორიცხავს.

 დავალიანება აქვს ”ტვ-25”-ს – 600 000 ლარი.მერაბ მერკვილაძე, ”25-ე” არხის ერთ-ერთი მფლობელი: ”იმ პერიოდში, როდესაც ტელევიზიას სოსო გოგიტიძის კადრი _ მიხეილ გაგოშიძე მართავდა, საგადასახადომ აღმოაჩინა აღურიცხავი ქონება და ტელევიზიას დააკისრა ქონების გადასახადი. 2006 წლის სექტემბერში `ტვ-25~ 277 000 ლარით დააჯარიმეს”.ტელევიზიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

 ”ტვ-25~-ში საგადასახადო სამსახური მეორედაც შევიდა. დააყადაღა ტელევიზიის ქონება და ანგარიშს ინკასო დაადო. ამის შემდეგ ტელევიზიამ, ფაქტობრივად, ვეღარ მოახერხა მიმდინარე ვალების გადახდა, რადგან ანგარიშზე შესული თანხა ავტომატურად ირიცხებოდა ძველი დავალიანების დასაფარად. საერთო ჯამში ვალმა, საურავებთან ერთად, 600 000-ს გადააჭარბა.

 რეგიონულ ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი საგადასახადო დავალიანება _ 1 მილიონი ლარი ტელეკომპანია ”რიონს” აქვს. ”რიონის”  მფლობელი და დირექტორი – თამარ ღვინიანიძე აცხადებს, რომ ვალები ”რიონს” 2000 წლიდან მოჰყვება. 

”რიონის”  დოკუმენტებში მაკონტროლებლებმა აღმოაჩინეს 1998 წლის 12 თებერვლის ქუთაისის მერის, ბადრი მელქაძის განკარგულება, რომლის თანახმად `რიონს~ სატელევიზიო მომსახურებაში კინოთეატრ `საქართველოს~ იჯარის ქირა გაუქვითეს. ღვინიანიძის თქმით, ამ განკარგულების მიხედვით ტელევიზიის დაჯარიმება არ იყო სწორი, ვინაიდან კინოთეატრი `საქართველო~ არ ეკუთვნოდა მერიას. ეს შენობა მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებით `ქართული ფილმის~ საკუთრებად აღიარეს, რომელსაც `რიონმა~ იჯარის სახით, საერთო ჯამში, 93 ათასი ლარი გადაუხადა.

 ღვინიანიძის თქმით, დავა სასამართლოში ტელეკომპანიის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ტელეკომპანიას  დავალიანება –  101 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი მაინც არ ჩამოაწერეს.

 ტელევიზიას მეორე დავალიანება 2004 წელს წარმოეშვა. ამ შემთხვევაშიც დაჯარიმების საფუძველი გახდა აქტი, რომელიც `რიონმა~ გაუგზავნა გუბერნატორ თემურ შაშიაშვილს და მოითხოვა დაეფარა სატელევიზიო მომსახურების თანხა _ 78 ათასი ლარი. გუბერნატორმა წერილს დაადო რეზოლუცია, _ `სამხარეო ადმინისტრაციას არ აქვს საშუალება, დაფაროს დავალიანება”. საგადასახადო სამსახურმა 78 ათასი ლარი ჩათვალა მიღებულ შემოსავლად და საურავებიც დაარიცხა, _ აცხადებს „ბათუმელებთან“ ”რიონის” დირექტორი.

 თამარ ღვინიანიძე: `დღესაც საუბრობენ, რომ `რიონი~ ბიუჯეტიდან ფინანსდება. სინამდვილეში ქუთაისის თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ტელევიზია თვეში ხან 1500, ხან 2000 ლარს იღებს. სანაცვლოდ საკრებულოს სხდომებს ეთერში ვუშვებთ”.

კიდევ ერთი ტელევიზიის _ `გურიას~ დირექტორი `ბათუმელებთან~ ადასტურებს, რომ ტელეკომპანიას 150 000-ზე მეტი დავალიანება აქვს. დავალიანება 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. თავდაპირველად დარიცხული თანხა 30 ათასი ლარი იყო. დავალიანებამ 150 000 ლარს საურავების დარიცხვის შემდეგ მიაღწია.

 მოსალოდნელ ამნისტირებულთა რიგებშია ტელეკომპანია ”თრიალეთიც”. ტელეკომპანიის დირექტორი _ ჯონი ნანიტაშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიის წართმევა უნდოდა ყოფილ გუბერნატორს _ მიხეილ ქარელს: ”სწორედ გუბერნატორის მითითებით დაგვაკისრა საგადასახადო სამსახურმა 170 ათასი ლარი. სასამართლომ თანხა 45 ათას ლარამდე შეგვიმცირა. გასაჩივრებასაც ვაპირებდით, მაგრამ ამნისტიის გამო შევჩერდით”.

 დავალიანების არსებობას არ უარყოფს თელავში რეგისტრირებული ტელევიზიის _ ”თანამგზავრის” დირექტორი _ ენრი კომახიძე. მის ტელევიზიას 30 000 ლარი აქვს ვალი. 

 საგადასახადოს ვალი აქვს ახალციხის რეგიონულ ტელევიზიასაც _ 4 000 ლარი.

ტელეკომპანია ”საგარეჯოს”  ყოფილი დირექტორი ადასტურებს, რომ ტელევიზიის საგადასახადო დავალიანება 30 000 ლარია.

 ამნისტიის შემდეგ ბიუჯეტის მიმართ დავალიანების უქონლობას შეცდომად აფასებს გია სალია _ ფოთის `მე-9 ტალღის~ დირექტორი: `სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს დავალიანება. ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულს ვიხდიდით, სამაგიეროდ სხვა ტიპის დავალიანებები დაგვიგროვდა, მაგალითად, ხელფასებისა და იჯარის~.

გურიაში, ოზურგეთში, კიდევ ერთი ტელევიზიაა რეგისტრირებული _ `მადი~. `მადის~ დირექტორი _ ავთანდილ დეისაძე იანვარში დააპატიმრეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ტელევიზიის დირექტორს ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებას _ 55 ათას ლარს ედავება (45 ათასი ლარი ჯარიმაა, 10 ათასი _ საურავი).

 პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ `მადის~ დავალიანება 100 000 ლარია, რასაც კატეგორიულად უარყოფს ადვოკატი, გელა ნაცვალაძე: `ბიუჯეტის სასარგებლოდ დეისაძემ დაკავების შემდეგ 45 ათასი ლარი უკვე გადაიხადა~. ამიტომ ამ ტელევიზიას ამნისტია არ შეეხება.

 

ნაციონალური ტელევიზიები

 თუ ოზურგეთის ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დაკავებულია ბიუჯეტთან არასწორი ანგარიშსწორებისა და საგადასახადო დავალიანების გამო, პასუხგაუცემელია კითხვა – როგორ მოახერხეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა მილიონობით დავალიანების დაგროვება, თან ისე, რომ ამის გამო არავინ დასჯილა.

საქართველოში 44 ლიცინზირებული არხია. ”მაესტროსა”  და ”კავკასიის” მფლობელებმა საჯაროდ თქვეს, რომ მათ საგადასახადოს ვალი არ აქვთ. ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის დირექტორმა `გაზეთ ბათუმელების~ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ამიტომ ამ ტელევიზიის ვალებთან დაკავშირებით ადრე არსებულ წყაროებს გამოვიყენებთ:

 ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: ”2004 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ტელეკომპანიის ხელთ არსებული თანხა ქონებისა და არამატერიალური აქტივების ჩათვლით 3 880 069 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა კომპანიას 9 223 385 ლარის ოდენობის ვალი აქვს”. ეს ის პერიოდია, როცა ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიყიდა.

 9,5 მილიონი ლარიდან 5,5 მილიონი ლარი ბიუჯეტის დავალიანება იყო. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელიც 2007 წელს ”რუსთავი 2-ზე”  მუშაობდა, იხსენებს, რომ მაშინ ეს ინფორმაცია საჯარო იყო: ”სატელევიზიო რეპორტაჟში დოკუმენტი აჩვენეს, რომლშიც ეწერა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ”რუსთავი 2~-ს ხუთი წლით გადაუვადა დავალიანება. ამ დავალიანების გადახდა 2009 წელს უნდა დაწყებულიყო, ან ისევ უნდა გადაევადებინათ. გარდა ამისა, ამ ტელეკომპანიას 2006-2007 წლებში ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა. არ ვიცი, ეს როგორ აისახებოდა საგადასახადო დავალიანებაზე, მაგრამ მარტო 2007 წელს ორი ძვირადღირებული პროექტი _ `უკანასკნელი გმირი~ და `ყაზარმა~ ჩაუვარდათ”.

 “რუსთავი 2~-ის ყოფილი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის საჩივრის წერილში, რომლითაც მან `რუსთავი 2~-ის და `მზის~ წილების წართმევასთან დაკავშირებით სასამართლოს გამოძიების დაწყება სთხოვა, წერია: `2004 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა გამოაცხადა სატელევიზიო ეთერით, რომ `რუსთავი 2-ს~ ჰქონდა ფინანსური პრობლემები და კოტრდებოდა, ტელევიზია შევიძინე ჩემი კომპანია `პანორამას~ მეშვეობით. ამის შემდეგ ჩემ მიერ დაფარულ იქნა `რუსთავი 2~-ს ვალები სხვადასხვა კრედიტორის წინაშე და განვახორციელე მილიონობით ინვესტიცია ტექნიკურ გადაიარაღებაზე და სხვადასხვა ახალი პროგრამის ლიცენზიების შესაძენად~.

 ქიბარ ხალვაში მხოლოდ კრედიტორების დავალიანების დაფარვაზე საუბრობს და არ ახსენებს საბიუჯეტო დავალიანებას. ამასთან დაკავშირებით მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მან ფინანსთა სამინისტროს ღიად დაავალა, ეს ვალი გადაევადებინათ.

 რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს _ აქ ზუსტად არ იციან, ეხებათ თუ არა მათ ტელეამნისტია. იურისტი ლადო მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ამნისტია საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, ხოლო აჭარის ტელევიზიას _ არა, რადგან კანონი მის სტატუსს არ ცნობს.

 მერაბ კარანაძე (აჭარის ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილე): `2006 წელს საგადასახადო სამსახურმა ჩაატარა გეგმიური შემოწმება და 1,216 მილიონი (საშემოსავლო), 411 ათასი (სოციალური) და 3 ათასი ლარი (ჯარიმა) დაგვაკისრა. ამას დაემატა საურავები და 2008 წელს ვალი 4,951 მილიონი გახდა. აჭარის ტელევიზიამ აჭარის მთავრობას ვალების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართა. კომისიამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. საბოლოოდ, ტელევიზიას ბიუჯეტში ყოველთვიურად 350 000 ლარის გადახდა ამ წლის მაისიდან დაავალეს”.

`თუ შეგვეხება ამნისტია, კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ, ჯერჯერობით, ვალების ჩამოწერის შესახებ დადგენილება არ მიგვიღია”, _ ამბობს მერაბ კარანაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს მათ განვითარების საშუალებას მისცემს. ამ ტელევიზიის ბიუჯეტი წელს 6,5 მილიონია.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის _ გია ჭანტურიას ინფორმაციით, დავალიანება ამ მაუწყებელსაც აქვს: `ვალის დაზუსტება გამიჭირდება, დაახლობით 8 მილიონია (საშემოსავლო და სოციალური). ვალის ძირითადი ნაწილი წინა წლებზე მოდის, ვიდრე ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდებოდა. მიმდინარე ვალიც გვაქვს _ 1 მილიონი ლარი. წინა ვალი კი რესტრუქტურებულია” (გაყინული – ავტ.).

 გია ჭანტურიაც ფიქრობს, რომ ამნისტია მედიის თავისუფლებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია: `ბევრ სატელევიზიო კომპანიას _ დიდსაც და პატარასაც აქვს ვალი. კანონპროექტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ამნისტია, ზოგადად, კარგი რომაა, ამაში მგონია, ეჭვი არავის ეპარება”.

 საქართველოში მაუწყებლობს ასევე ”იმედი”, ”მზე”, ”რეალ ტვ”, „საქართველო“ , `1-ლი სტერეო~. ტელევიზიების ნაწილის მფლობელთა ვინაობა გასაიდუმლოებულია; ამ ტელევიზიების თანამშრომლების უმრავლესობამ სრულად არ იცის მათი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ეს ტელევიზიები საგადასახადო დავალიანებას ასაიდუმლოებენ.

 მედიაექსპერტი ლიკა ჩახუნაშვილი: `ზოგადად, ამნისტიის პრინციპის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ გააჩნია, ვის შეეხება, როგორ და როდის. ეს პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ის, რომ ამნისტია მაინცადამაინც არჩევნების წინ გამოცხადდა, ეს ჩემში ბადებს ეჭვს. ეს ხომ არ არის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ტელევიზიების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის თითოეულ შემთხვევას. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თითოეული შემთხვევისთვის ცალ-ცალკე. კომპანია X-ს შესაძლოა ეპატიოს ვალი, თუ ის წარმოშობილია არა თავისი მიზეზით და არა უპირობოდ. ეს კი ხანგრძლივი პროცესია.

თუ ვალი გაქვს, მთლიანად ხელისუფლების კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული. გარდა ამისა, ვალის პირობებში შეუძლებელია კრედიტის სახით მიიღო სახსრები და განავითარო ტელევიზია. ინიციატივა ცუდ მდგომარეობაში აყენებს იმ კონკრეტულ მაუწყებელს, რომელიც წლების განმავლობაში პატიოსნად იხდის გადასახადს”.

ზვიად ქორიძე კი აცხადებს, რომ `ეს არა ამნისტია, არამედ შეწყალებაა”.

 ტელევიზიების ვალების გასაიდუმლოების შესახებ

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ტელემაუწყებლების საგადასახადო ამნისტირების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი 36 მილიონი ლარით მცირდება. კანონპროექტში მითითებულია, რომ ინფორმაცია თითოეულ ტელემაუწყებელზე დარიცხული დავალიანების ოდენობის შესახებ ვერ გახდება საჯარო, საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლიდან გამომდინარე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, თითოეულ გადამხდელს აქვს უფლება, იცოდეს, რა ოდენობის თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს, რადგან დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეუძლებელია ზიანი მიაყენოს კონკრეტული მაუწყებლის კომერციულ ინტერესებს.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი