ახალი ამბები

სერბეთი რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარს ამბობს

16 აგვისტო, 2022 •
სერბეთი რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარს ამბობს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს უცხოური ქვეყნის სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.

გასულ კვირას მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომლის თანახმადაც სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსება იგეგმებოდა.

რუსეთის ელჩმა სერბეთში, ალექსანდერ ბოცან-ხარჩენკომ ამ თემაზე 9 აგვისტოს განაცხადა, რომ სამხედრო ბაზის განთავსება „სერბეთის სუვერენული [მისი გადასაწყვეტი] საკითხია“ და  ეს ასევე შედის რუსეთის ინტერესებშიც.

როგორც რუსული სამთავრობო მედია „კომერსანტი“ წერს, ამის შემდეგ სერბულმა გამოცემა Blic-მა, რომელიც, „კომერსანტის“ შეფასებით, „ხელისუფლებასთან დაახლობულია“, რუსეთი დაადანაშაულა „სერბეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებაში“.

12 აგვისტოს კი პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს უცხოური ქვეყნის სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.

„სერბეთი შეინარჩუნებს თავის სამხედრო ნეიტრალიტეტს. სერბეთი დამოუკიდებლად გააძლიერებს თავის არმიას, თავად დაიცავს თავის მოქალაქეებს და იქნება საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დამოუკიდებელი იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სერბეთი „ააშენებს პოლიტიკურ ალიანსებს, არ შერცხვება რუსეთთან , აშშ-თან და ჩინეთთან ურთიერთობების, შეინარჩუნებს ევროპულ გზას და საკუთარ თავს მიხედავს“.

რუსული სამთავრობო მედია „კომერსანტის“ თანახმად, ბელგრადში წყაროები ეუბნებიან, რომ ქვეყნის ეს „ფრთხილი პოზიცია“ განპირობებულია „ბოლო პერიოდში სერბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაძლიერებული სამხედრო თანამშრომლობით“.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცახდება, რომელმაც თქვა, რომ „სერბეთს სამ სკამზე ჯდომა სურს“, – ევროკავშირთან, რუსეთთან და აშშ-თან თანამშრომლობა, – მაგრამ „ამას ვერ შეძლებს“.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი