პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია“.
ამის შესახებ მან დღეს, 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, ილუზია არ აქვს, რომ ხელისუფლება მოწოდებებით რამეს გააკეთებს და ამიტომ ხალხმა უნდა იმოქმედოს, ევროკავშირის პირობები შეასრულოს და „ქვეყანა ოლიგარქისგან გაათავისუფლოს“.
„კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების.
მეტიც, მას შემდეგ, რაც ჩვენ, ერთის მხრივ, გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და, მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია თითქმის 2 თვე და ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არათუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებებით გვაქვს ჩავარდნები. აქ საუბარია როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური <ahref=”https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/documents/AAIR_2021_GEO.pdf” target=”_blank” rel=”noopener”>ანგარიში გამოაქვენა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და შენიშვნები, რომელიც ევროკავშირს აქვს.
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს ცხადყოფს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.