ახალი ამბები

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დატოვებისკენ მოუწოდებს

14 აგვისტო, 2022 • 1658
42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დატოვებისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს 42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან, მათ შორის უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა მან უსაფრთხოების ნორმების დაცვით გააგრძელოს საქმიანობა.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოებას, რომ „რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, უხეშ დარღვევას“.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს სადგურის კონტროლი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების პრინციპებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.

„რუსული სამხედრო ძალების ყოფნა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელს უშლის ოპერატორსა და უკრაინის ხელისუფლებას, საერთაშორისო კონვენციებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად … შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები“, – წერია განცხადებაში.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ; უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

გასულ კვირაში „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსებმა სადგურს ცეცხლი 11 აგვისტოსაც გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი