ახალი ამბები

13-14 აგვისტოს მეტრო დიდუბე-სადგურის მოედნის მონაკვეთზე მგზავრებს არ მოემსახურება

12 აგვისტო, 2022 •
13-14 აგვისტოს მეტრო დიდუბე-სადგურის მოედნის მონაკვეთზე მგზავრებს არ მოემსახურება

თბილისის მერიის განცხადებით, 13-14 აგვისტოს მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

მერიაში აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მონაკვეთზე.

შესაბამისად, მერიის განცხადებით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ .
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.   თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს  უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მეტროსადგურ გოცირიძის გახსნამ კიდევ რამდენიმე კვირით გადაიწია.

10 აგვისტოს კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა – „კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით, იმიტომ, რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი“.

„ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტების გაკეთება. პროექტით თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს გამოიკვეთა ძალიან დიდი პრობლემა, ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოგვიწია მთლიანად დაშლა არსებული ბაქნის და ახალი პროექტის განხორციელება“, – აცხადებდა თბილისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი