ახალი ამბები

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი“ – კობახიძეს ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის უჩივიან

12 აგვისტო, 2022 •
„კაგებეშნიკი არის მამათქვენი“ – კობახიძეს ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის უჩივიან

„მედიაომბუდსმენი“ იუწყება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი წარადგინა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის სახელით, რომელსაც კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ შეურაცხყოფა მიაყენა.

25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

არახამიას თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, ფეისბუკზე იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

„მედიაომბუდსმენის“ განცხადებით, ჯახუტაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამების გამოყენებით, ირაკლი კობახიძემ „დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები“.

შესაბამისად, მედიაომბუდსმენმა, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი წარადგინა, ინციდენტის შესწავლა და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა, მეორე მხრივ კი, დისკრიმინაციის დადგენის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი